მთავარი,სიახლეები

თინას ბრძოლა – ჯარისკაცობიდან ცხოველთა უფლებების დაცვამდე I VIDEO

11.01.2022
თინას ბრძოლა – ჯარისკაცობიდან ცხოველთა უფლებების დაცვამდე I VIDEO

თინა დიასამიძე საკუთარ თავს ცხოველების უფლებადამცველს უწოდებს. სწორედ მან იპოვა ბათუმის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, მაიაკოვსკიზე ფეხებშეკრული, ახალშობილი ხბო, რომელიც ტომარაში ჰყავდათ მოთავსებული.

თინას თქმით, ხბო ამ მდგომარეობაში ორ საათზე მეტ ხანს იყო. ბოლოს თინა დიასამიძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ხბო სახლში წაიყვანა.

„ბათუმში ვცხოვრობ, კერძო სახლი მაქვს. ახლა ხბო ეზოში მყავს. სახლს ვუშენებ. ვუმკურნალებ. მერე კი თავშესაფარში გადავიყვან“, – უთხრა თინამ „ბათუმელებს“.

თინას თქმით, ის გუშინვე შეხვდა ხბოს მესაკუთრეს და თანხაც გადაუხადა. „80 ლარად ყიდდა, მე 150 გადავუხადე. მოხუცი კაცი იყო. კარგად ვერ გავიგე ასეთ მდგომარეობაში რატომ დააგდო ხბო ქუჩაში. ჩემთვის ეს არის პირუტყვის წამება, თუმცა ზუსტად არ ვიცი კანონი ამას როგორ არეგულირებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თინამ.

თინა ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ცხოველების, უფრო კონკრეტულად კი ძაღლების უფლებებისთვის ერთად იბრძვიან. „სახლში 11 ძაღლი და 4 კატა გვყავს. მე და ჩემი მეუღლე ვუვლით. ყველას თავისი ისტორია აქვს. ზოგს თათები აქვს დაზიანებული, ზოგს სხეული სხვა ნაწილი. თავშესაფარიც გვაქვს, სადაც 70-მდე ძაღლს ვუვლით. ყველა ტრავმირებულია“, – გვიყვება თინა.

ახალგაზრდა ქალის თქმით, აქტივიზმი, ანუ ცხოველების უფლებებისთვის ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯარიდან წამოვიდა. „2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ვარ. 8 წელი ვიყავი ჯარისკაცი თუ ჯარისქალი. ჯარიდან მას შემდეგ წამოვედი, რაც კონტრაქტი ამომეწურა. ახლა უპატრონო ძაღლებზე ვზრუნავ – ახალ თავშესაფარს ვაშენებ. მერიასთან მიწის ნაკვეთის იჯარაზე მაქვს მოლაპარაკება. აღმოჩნდა, რომ არამარტომ ძაღლებს ექცევიან არაადამიანურად – ეს ბოჩოლა იქნება ამ თავშესაფრის სავიზიტო ბარათი“.

თინა ამბობს, რომ უკვე ათი წელია თავშესაფარს ძირითადად საკუთარი სახსრებით ინახავს. პატარა ბიზნესი მაქვს, მაღაზიას ვამუშავებ და ასე გაგვაქვს თავიო – გვიხსნის:

„10 წელია ვუვლი, ვკვებავ ქუჩის ძაღლებს. არის მცირედი შემოწირულებები, მაგრამ მინიმალურია – შემიძლია ანგარიშის ამონაწერი გაჩვენოთ. 70 ძაღლს ბევრი უნდა დღეში. იმის წყალობით, რომ ექთანი ვარ, ძაღლების მკურნალობასაც ვახერხებ, ოპერაციებსაც კი ვუკეთებ ცუგებსო“.

__

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: