მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

კომენდანტის საათი, აკრძალული საახალწლო ღონისძიებები – მსოფლიოში ზომები მკაცრდება

24.12.2021
კომენდანტის საათი, აკრძალული საახალწლო ღონისძიებები – მსოფლიოში ზომები მკაცრდება

კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის” გავრცელების გამო, მსოფლიოში საპრევენციო ზომები მკაცრდება.

„გარდიანი“ წერს, რომ ესპანეთში, კატალონიის რეგიონმა მოიპოვა სასამართლოს თანხმობა, ღამის პერიოდში კომენდანტის საათის ამოქმედებაზე. კატალონია, რომელიც გარს აკრავს ქალაქ ბარსელონას, დღეიდან უკრძალავს მოსახლეობას სახლების დატოვებას ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე.

ესპანეთის სხვა რეგიონებმა ნაკლებად მკაცრი მიდგომა გამოიყენეს. მაგალითად, სამხრეთ მურსიამ ბარებსა და რესტორნებს, რომლებიც სხვა დროს დილამდე ღიაა, ნება დართო მხოლოდ ღამის პირველ საათამდე იმუშაონ.

ხუთშაბათს, ესპანეთში კოვიდის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი – 72 900 იყო.

„როიტერსის“ ცნობით, ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდისა ფონზე ეკვადორმა განაცხადა, რომ Covid-ის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება.

ეკვადორის მთავრობა აცხადებს, რომ მას აქვს საკმარისი ვაქცინები მთელი მოსახლეობის იმუნიზაციისთვის. სამშაბათის მდგომარეობით, ეკვადორში 17.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 77% იყო ვაქცინირებული. ეკვადორში დაახლოებით 33.600 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდისგან.

იტალიამ და საბერძნეთმა აკრძალეს საშობაო და საახალწლო ღონისძიებების გამართვა და სავალდებულო გახადეს ღია სივრცეებში პირბადის ტარება. საპრევენციო ზომები დღეს, 24 დეკემბერს ამოქმედდა.

შოტლანდიაში ღამის კლუბები 27 დეკემბრიდან სამი კვირით დაიხურება.

27 დეკემბრიდან მალტაში იკრძალება ღონისძიებები, სადაც დამსწრეები ფეხზე იდგებიან, ნაცვლად იმისა რომ ისხდნენ, გარდა ქორწილებისა და დაკრძალვისა.

ავსტრალია 4 იანვრიდან ამცირებს ბუსტერამდე ინტერვალს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ხუთიდან ოთხ თვემდე, 31 იანვარს კი ეს პერიოდი სამ თვემდე შემცირდება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები სწრაფი ზრდის გამო, მოსახლეობას საახალწლოდ სავარაუდოდ ვაქცინის მეოთხე დოზით აცრა დასჭირდება. გერმანიამ ასევე დაადასტურა ქვეყანაში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.

___________________________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GEORGE VITSARAS

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: