მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საბერძნეთში აუცრელ ხანდაზმულს 100 ევროთი დააჯარიმებენ – რეგულაციები მკაცრდება

30.11.2021 • 1576
საბერძნეთში აუცრელ ხანდაზმულს 100 ევროთი დააჯარიმებენ – რეგულაციები მკაცრდება

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელებასთან ერთად მკაცრდება რეგულაციები და უსაფრთხოების ნორმები.

Guardian-ის ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთში ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.

„60 წელზე უფროსი ასაკის ბერძნებმა, რომლებსაც არ გაუკეთებიათ ვაქცინაცია, 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ შეხვედრა პირველი დოზის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ყოველთვიურად 100 ევროს სახით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ,” – თქვა საბერძნეთის პრემიერმა.

საბერძნეთში ამ თვეში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ყოველდღიური შემთხვევები რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ქვეყანამ ნოემბერში არავაქცინირებულ ადამიანებს აუკრძალა დახურულ სივრცეებში შესვლა, მათ შორის, რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ დარბაზებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოვიდტესტის პასუხი უარყოფითია.

ნორვეგიის პრემიერმა იონას გარ სტორმა დღეს, 30 ნოემბერს, განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდის ფონზე, ნორვეგიაში მოსახლეობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში პირბადე უნდა ატაროს.

Reuters-ი იუწყება, რომ ნორვეგიამ სექტემბერში კოვიდის გამო დაწესებული ყველა შიდა შეზღუდვა გააუქმა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლო დღეებში მოუწოდეს მთავრობას, მიიღოს ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ამით თავიდან აიცილოს მორიგი ლოქდაუნი.

ნორვეგიის მთავრობამ ასევე თქვა, რომ მაქსიმალურად შეეცდება შეზღუდოს ომიკრონის ვარიანტის ნებისმიერი პოტენციური გავრცელება, მათ შორის, უფრო ხანგრძლივი იზოლაციის დაწესებით მათზე, ვინც აღმოჩნდება, რომ ინფიცირებულები არიან კოვიდის ამ ვარიანტით.

კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში გამოავლინეს, შემდეგ კი დააფიქსირეს ევროპის არაერთ სახელმწიფოში, ასევე, ისრაელსა და ავსტრალიაში.

დღეს ჰოლანდიის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ომიკრონის ვარიანტი ნიდერლანდებში გამოვლინდა იქამდე, სანამ სამხრეთ აფრიკიდან ორი ავიარეისი შესრულდებოდა.

„ჩვენ ვიპოვეთ Omicron კორონავირუსის ვარიანტი ორ ტესტში, რომლებიც აღებულია 19 და 23 ნოემბერს. ჯერ არ არის ნათელი, იყო თუ არა ეს ხალხი ნამყოფი სამხრეთ აფრიკაში“, – განაცხადა ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (RIVM).

ომიკრონის შემთხვევა დაადასტურა საფრანგეთმაც,  კუნძულ რეიუნიონზე. კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს, თუმცა ადმინისტრაციულად რეიუნიონი საფრანგეთს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერავინ ამბობს, რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი ომიკრონი, თუმცა, ექსპერტთა შფოთვის გამო არაერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა პრევენციის დამატებით ზომებს.

საქართველოში ვირუსის შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად 27 ნოემბრიდან ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს  აფრიკის შემდეგ ქვეყნებში [სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი და მალავი] მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: