მთავარი,სიახლეები

ენმ-ს შეფასებით, შსს-მ დააანონსა აქციის მონაწილეების დაკავება

15.11.2021 •
ენმ-ს შეფასებით, შსს-მ დააანონსა აქციის მონაწილეების დაკავება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს დღეს, 15 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ შსს-მ არასწორად განმარტა საკანონმდებლო ნორმები, რითაც წინასწარ დაგეგმა საპროტესტო აქციის ხელშეშლა და აქციის მონაწილეების დაკავება.

„2021 წლის 14 ნოემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნულ განცხადებაში არასწორად არის  განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”.

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ენმ-მ.

ამავე განცხადებაში წერია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციის გამართვის შესახებ წინასწარ გააფრთხილა ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემოხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

„წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის  მე-5 ნაწილის მიხედვით,  „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: