სიახლეები

„აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ“ – ენმ

10.11.2021
„აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ“ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციებს არ გამართავს.

ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.

ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 41 დღეა შიმშილობს. იგი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში.

თუმცა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს, თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: