მთავარი,სიახლეები

კირთაძის თქმით, „ოცნება“ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აშანტაჟებს – რას პასუხობს ჭეიშვილი

05.11.2021 • 3816
კირთაძის თქმით, „ოცნება“ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აშანტაჟებს – რას პასუხობს ჭეიშვილი

დღეს, 5 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“  რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“  ახალარჩეული ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წევრების მოსყიდვას და დაშინებას ცდილობს, საკრებულოში გადაბირებისა და უმრავლესობის შექმნის მოტივით.

„ამის შესახებ ჯერ კიდევ კობახიძე-ღარიბაშვილმა გააკეთეს განცხადება, რომ ექნებათ უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. გახარიას პარტიიდან შესული საკრებულოს ერთი წევრი ხომ გადაიყვანეს და როგორც ჩანს, დანარჩენი ორი წევრის გადაბირება ვეღარ შეძლეს და დაერივნენ საკრებულოში არჩეულ წევრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ძალიან ბევრთან მივიდნენ, იყო მუქარა ოჯახის წევრებზე და მოსყიდვის მცდელობა“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

გიორგი კირთაძე კონკრეტული პირების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი პარტიის ბევრ წევრთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელით იყვნენ მისული.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“  თუნდაც ერთი წევრის გადაბირება შეძლოს ოპოზიციიდან, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ენმ-ს წევრების გადაბირება გამორიცხულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ 15 წევრიდან ვერცერთს ვერ წაიყვანენ, ამას გამოვრიცხავ.  ყველა ცალ-ცალკე მოვიდა და მომიყვა ამბავი, ამიტომ გავაკეთეთ ბრიფინგი. „ლელოდან“ დარჩა ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის ორი წევრი, ამიტომ მოვუწოდეთ დღეს მათაც, რომ სწრაფად დავსხდეთ და გადავწყვიტოთ უმრავლესობის ფორმირება. იმიტომ, რომ კობახიძე-ღარიბაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ გადაიბირებენ წევრებს.

ოპოზიცია ვაპირებთ ბრძოლას, არავის არ ეშინია არც დავით რიჟვაძის და არც მათ შანტაჟს აჰყვება არავინ. იმედია, რომ სხვა პარტიებთან ერთად მალე ავირჩევთ საკრებულოს თავმჯდომარესაც. თვითონაც ხვდებიან, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ცდილობენ, რომ ერთი ოპოზიციონერი მაინც გადაიყვანონ მათ მხარეს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირების და დაშანტაჟების პროცესზე საუბრობს, საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძეც.  მისი თქმითაც, ოპოზიციონერ წევრებს  სთავაზობენ დიდძალ თანხას და ემუქრებიან ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით ამას კი ყველაზე ახლობელი-შუამავალი ადამიანების პირით აკეთებენ. „გახარიას გუნდმა ეს ზეწოლა უკვე გამოსცადა და ერთი გადაბირებული დეპუტატიც მიიღო“-ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ირაკლი კუპრაძე

კირთაძის საპასუხოდ ბრიფინგი გამართა დღეს უმაღლესი საბჭოს  წევრმა „ქართული ოცნებიდან“ირაკლი ჭეიშვილმა.

„წინასწარ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, აბსოლუტურად ყველაფერი გამოჩნდება, გვექნება თუ არა უმრავლესობა და რა როგორ იქნება. ყველაფერი იქნება დეკლარირებულად, არაფერს არ ვმალავთ,“ – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ უმრავლესობა ექნებათ, ჭეიშვილი ამბობს, რომ  „ისაუბრებენ ყველასთან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა“.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გახარიას პარტიიდან დარჩენილი ორი წევრის გადაბირებაზეც მუშაობს „ოცნება“ – ჭეიშვილი ამბობს, რომ ასე არ ფიქრობს, თუმცა აღნიშნავს:

„ყველაფერი მოგვიანებით გამოჩნდება. მოსყიდვის და შანტაჟის გარეშე არ შეიძლება ადამიანმა აზრი შეიცვალოს, არ შეიძლება ითანამშრომლოს?

არ ვიცით ვინ რა პოზიციას დაიჭერს, არც ის, დამოუკიდებელი დეპუტატი რას გააკეთებს, უბრალოდ ყველაფერი გამოჩნდება ცოტა ხანში. ყველა სცენარის განვითარება შეიძლება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა საკრებულოში ჩვენს სასარგებლოდ დალაგდება.

„ქართულ ოცნებას“  ბათუმის ახალ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოსთან“ ერთად – 16. იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულოს ორი წევრი გახარიას პარტიიდან „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებს, ოპოზიცია უმრავლესობას დაკარგავს. გახარიას პარტიიდან შესულმა საკრებულოს ერთმა წევრმა პარტია 29 ოქტომბერს დატოვა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.

ირაკლი თავდგირიძის ამ განცხადებიდან მალევე, ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა აკაკი გვიანიძემ თქვა: „ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს, რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე უფრო მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება“.

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ეთანხმება გიორგი კირთაძის განცხადებას, რომ აუცილებელია კონსულტაცია ოპოზიციის წევრებთან. „დაჟინებით ვითხოვ სწრაფი კონსულტაციის გამართვას ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელთაგან, ყველას ერთად-უკლებრივ გვიჭირავს ოპოზიციური უმრავლესობის ფორმირების გასაღები. 1 ხმის დაკარგვა და გაყიდვაც კი, ოპოზიციური უმრავლესობის დაშლას ნიშნავს.

დრო მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობს, რომელიც მზადაა ძალადობის, ზეწოლის და მოსყიდვის ნებისმიერი ფორმა გამოიყენოს უმრავლესობის მისაღებად. შესაბამისად, სამივე ოპოზიციურმა პარტიამ (ლელო; გახარია საქართველოსთვის; ენმ) უნდა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა, დროულად დაგეგმოს კონსულტაცია და მიაღწიოს შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი გახდება“-ამბობს ირაკლი კუპრაძე.

___

„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – გახარიას პარტია ბათუმში გუნდის ყოფილ წევრზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: