მთავარი,სიახლეები

არჩილ ჩიქოვანის განმარტება მეგის ქარდავასთან ერთად მუშაობაზე

21.10.2021
არჩილ ჩიქოვანის განმარტება მეგის ქარდავასთან ერთად მუშაობაზე

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ბრიფინგზე, რომელსაც აჭარის ხელისუფლება თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, მან ჟურნალისტებს საქართველოს პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარუდგინა იმის დასადასტურებლად, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

„დღეს გავასაჯაროებთ ინფორმაციას, რითაც საბოლოოდ ჩავხურავთ ფეიკნიუსებს. როგორც კი ყველა ჩანაწერი გაჟღერდა მძიმე ბრალდებებით ჩემი მისამართით, თითქოს სისხლის სამართლის ბრალეულობის საქმე იყო დაწყებული ჩემ მიმართ, მივმართე აჭარის პროკურატურას, დღეს მივიღე პასუხი, რაც მინდა გავასაჯაროვო:

სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემ მიმართ არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასდროს. 2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სოფელ ალამბრის საავტომობილო გზის შესრულებას და შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ჩემ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი“, – განაცხადა ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა ბრიფინგზე.

გარდა ამისა, მან განმარტება გააკეთა მეგის ქარდავასთან ერთად მუშაობაზე, რის შესახებაც გასულ კვირას ჟურნალისტებმა ბათუმში მყოფ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც ჰკითხეს.

„ამასთან ერთად მინდა შევეხო იმ ყბადაღებულ თემას, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს – არჩილ ჩიქოვანი არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით სასაცილოა ბრალდება იმის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ბნელი ძალისგან, რომელიც, რომლის სახესაც წარმოადგენდა მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები. რომელმაც გამოზარდა თავის წიაღში სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: