Batumelebi | მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების ვებგვერდი ამოქმედდა მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების ვებგვერდი ამოქმედდა – Batumelebi
RU | GE  

მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების ვებგვერდი ამოქმედდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ახალი ვებგვერდი – befriend.mes.gov.ge ამოქმედდა, რომელიც საკონსულტაციო ჩატის მეშვეობით, სკოლის მოსწავლეებს და მათთან დაკავშირებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში გაუწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.

ვებგვერდზე მარჯვენა დაბალ კუთხეში არის მწვანე ველი, რომელსაც აწერია – „ონლაინ“. ამ ველზე დაწკაპუნების შემდეგ კი, მოზარდს აუცილებლად გამოეხმაურება სპეციალისტი და მის პრობლემას მოისმენს.

უწყების ცნობით, მომსახურება კონფინდეციალურია.

სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდი ყოველ სამუშაო დღეს, 09.00 საათიდან 18.00 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებს.

„ერთჯერადი კონსულტაციის გაწევის შემდეგ, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სხვა სერვისებსაც შესთავაზებს, რომლებიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეების და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის სრულფასოვან, მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ონლაინკონსულტირებას ცენტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლი არეგულირებს“, – ნათქვამია  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ინტერნეტპორტალის პარალელურად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს  მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზიც: 08 00 00 00 88

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com