მთავარი,სიახლეები

ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკეს – თბილისში მოკლული ქალის საქმე 

18.10.2021
ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკეს – თბილისში მოკლული ქალის საქმე 

წუხელ თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. დღეს, 18 ოქტომბერს, პოლიცია ამ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ზურაბ ბერიძე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერია და მოკლულ ქალთან საერთო შვილი ჰყავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ამოიღეს ერთი პერსონალური კომპიუტერი და ერთი ნოუთბუქი.

ბათუმში ზურაბ ბერიძის სახლში პოლიცია უკვე რამდენიმე საათია იმყოფება. მედიის ინფორმაციით, კი ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან წუხელ ესროლეს.

„საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ ვაკეთებ კომენტარს“, – უთხრა ზურაბ ბერიძის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსმა ხვიჩა ქადაგიძემ. მან არც ის დაადასტურა, რომ ჩხრეკა ზურაბ ბერიძის სახლში ტარდება.

მოკლული ქალი, ანასტასია შატალოვა, ზუსტად ერთი წლის წინ საჯაროდ აცხადებდა, რომ ზურაბ ბერიძემ მას საერთო შვილი წაართვა. ქალი ამბობდა, რომ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა მამამ და დედას აღარ აჩვენებდა.

სასამართლომ, დროებით განკარგულების საფუძველზე, ბავშვზე ზრუნვის უფლება დედას მიანიჭა. შესაბამისად, ბავშვი დედასთან იყო.

მოკლული ქალის ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, ზურაბ ბერიძე დაახლოებით სამი თვის წინ ამ ქალისა და მათი შვილის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული და ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციას ზურაბ ბერიძის მიმართა შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ამ ორდერს ვადა ამოეწურა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზურაბ ბერიძის სახლიდან ორი კომპიუტერი ამოიღეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: