მთავარი,სიახლეები

„ჩემი მიწის ნაკვეთიდან ხრეში მოიპარეს“ – ქურდობა ჭოროხის სანაპიროზე

14.10.2021 • 3601
„ჩემი მიწის ნაკვეთიდან ხრეში მოიპარეს“ – ქურდობა ჭოროხის სანაპიროზე

„ჩემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ღამით მოიპარეს ხრეში, დაახლოებით 30 ათასი კუბური მეტრია წაღებული ჩემი დათვლით, გამოძიება კი არაფერს აკეთებს“, – ამბობს შალვა აბესლამიძე, რომელიც ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს.

შალვა აბესლამიძის ოჯახს სახლიდან მოშორებით, ჭოროხის სანაპიროსთან, მიწის ნაკვეთი აქვს, რომელიც მესაკუთრეს 10 ოქტომბერს გადათხრილი დახვდა.

„1500-1800 რეისი მაინც არის გაკეთებული ჩემი გათვლებით,“ –  ამბობს შალვა აბესლამიძე. ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, 1 კუბური მეტრი დამუშავებული ინერტული მასალა 35 ლარი ღირს.

„არაფერი გამიგია. ისე გამოვედი, ვნახო ერთი რა ხდება-მეთქი და გადათხრილი დამხვდა ყველაფერი, მიწა გვერდით დაუყრიათ, ხრეში წაუღიათ, დაახლოებით 5 მეტრია ამოთხრილი აქ, იქეთ 4 მეტრია ამოთხრილი, ჭოროხის ფსკერია უკვე ეს… დაცვას ხომ არ დავაყენებდი,“ – გვიყვება შალვა აბესლამიძე და თან ხელოვნური ტბის გარშემო გაჩენილ მიწის გორებზე მიგვითითებს – ეს დატოვეს, ხრეში წაიღეს და მიწის ნაკვეთი პრაქტიკულად უსარგებლოაო.

ადგილი, სადაც შალვა აბესლამიძე სახლის აშენებას აპირებდა.

შალვა აბესლამიძის მიწის ნაკვეთამდე გზაზე ხრეშის გორები შეგხვდებათ – სხვადასხვა კომპანია, რომლებიც ინერტული მასალის მოპოვებაზე მუშაობენ, მოპოვებულ მასალას ჭოროხის სანაპიროს კახაბრის დასახლებაში ასაწყობებენ.

„არჩევნების მერე მოსულან და დაუწყიათ ღამე ამოთხრა. ვინც დაინახა მეზობლებმა, ეგონათ, რომ მე ვიყავი და ვთხრიდი, 3-4 ღამე მუშაობდნენო… ჩემი სახლიდან ეს ადგილი არ ჩანს, დაახლოებით ერთი კილომეტრია აქედან.

მივმართე მაშინვე გარემოს დაცვას, პოლიციას… მითხრეს, გაირკვევა ყველაფერიო, მაგრამ კვირის მერე არავინ გამოჩენილა, ვრეკავ და გამოძიებაც კი არ დაუწყიათ,“ – გვითხრა შალვა აბესლამიძემ.

მესაკუთრე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მისი მიწის ნაკვეთიდან ხრეშს ისე ვერ გაიტანდნენ, ეს ვიდეოკამერებს რომ არ დაეფიქსირებინა, რაც დასაწყობებული ინერტული მასალის ტერიტორიაზე არაერთია. შალვა აბესლამიძის თქმით, ამ დრომდე გარემოს დაცვის ინსპექციას ოქმიც კი არ შეუდგენია და პოლიციისთვის არ გადაუცია.

„მე ხელი არ მომიწერია არაფერზე, არაფერი ჩემთვის არ ჩაუბარებიათ და არ ვიცი,“ – გვითხრა შალვა აბესლამიძემ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შალვა აბესლამიძის შვილები 2007 წლიდან არიან მიწის მესაკუთრეები კახაბრის დასახლებაში, ჭოროხის სანაპიროსთან ახლოს. ჯიმშერ და ზურაბ აბესლამიძეების საკუთრება 14 188 კვადრატული მეტრია. შალვა გვიყვება, რომ რეგისტრაციამდე მის ბაბუას აქ სიმინდის ყანა ჰქონდა, რეგისტრაციის შემდეგ კი, შვილებისთვის სახლის აშენება სურდა, მაგრამ ამაზე უარი უთხრეს.

„მოვიდნენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან და მითხრეს, რომ სახლის მშენებლობა არ დამეწყო, რადგან ავტობანი უნდა გავიდეს აქ და მონაცვლეობა მოხდებაო. იქნებოდა ასე 2009 ან 2010 წელი. მერე ბალახს ვთესავდი საქონლისთვის, შემოღობილი მქონდა. ბოლო ორი წელია არაფერი აღარ დამითესავს, რადგან ღობე მომპარეს… მიწაყრილით მქონდა შემოსაზღვრული ადგილი და ისევ ვფიქრობდი სახლის აშენებას,“ – გვიყვება შალვა აბესლამიძე.

მესაკუთრეს მიუმართავს ხელვაჩაურის პროკურატურისთვისაც, თუმცა პასუხი არც ამ უწყებიდან მიუღია ჯერ.

დაიწყო თუ არა გამოძიება, ან რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა ინერტული მასალის ქურდობას კერძო მიწის ნაკვეთიდან? – „ბათუმელებს“ დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია ვერ მიაწოდეს.

გარემოს დაცვის აჭარა-გურიის სამმართველოში კი „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ აღნიშნულ ქურდობის ფაქტზე ოქმი შეადგინეს და პროკურატურას გადასცეს კიდეც.


________________________________

გაეცანით „ბათუმელების“ სტატიების სერიას თემაზე, როგორ იპარავენ ხრეშს ჭოროხის სანაპიროზე 

როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით – ეპიზოდი I

გადაბეჭდვის წესი


ასევე: