მთავარი,სიახლეები

სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს – კორპუსის ჩამონგრევის საქმე

11.10.2021 • 3633
სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს – კორპუსის ჩამონგრევის საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ბათუმში კორპუსების ჩამონგრევის საქმეზე“ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ოქტომბერს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვა.

პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

პროკურატურის ვერსიით, ზ.ბ. ანაზღაურების სანაცვლოდ ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. სამუშაოები ითვალისწინებდა კედლების მოშლასაც.

„2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა – ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე.

ბრალდებულებმა მოშალეს, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვანის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: