18 სექტემბერს ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება. წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კინოდარბაზში შესვლა გარკვეული შეზღუდვებით იქნება შესაძლებელი, თუმცა კინოფესტივალი, გასული წლისგან განსხვავებით, წელს აღარ გაიმართება ონლაინ.

უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა.

„ბათუმელები“ 10 საინტერესო ფილმს გირჩევთ, რომელთა ნახვა წელს ბათუმის კინოფესტივალზეა შესაძლებელი.

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?

ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ ბათუმის კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაშია. ეს პირველი ქართული ფილმია, რომელიც 1993 წლის შემდეგ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო კატეგორიაში მოხვდა წელს და მიიღო ბერლინალეს კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო.

ფილმში მოქმედება ქუთაისში ხდება. ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით იღვიძებენ და ერთმანეთს ვერ პოულობენ.

ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.

YouTube video player

ანეტი

„ანეტი“ ფრანგი რეჟისორის, ლეო კარაქსის ახალი ფილმია, მიუზიკლი, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა და ფილმმა ფესტივალის ჯილდო მიიღო – პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.

„ანეტი“ ცოლ-ქმრის, ცნობილი სოპრანოსა და კომედიანტის შესახებ გვიამბობს, რომელთა ცხოვრებაც შვილის დაბადების შემდეგ იცვლება.

ფილმში მთავარ როლებს ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარი ასრულებენ.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმი ნაჩვენები იქნება სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“.

YouTube video player

მარტორქა

უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის მხატვრული ფილმი „მარტორქა“ მოგვითხრობს 90-იანი წლების უკრაინაში ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე, რომელიც კრიმინალურ იერარქიაში სწრაფად მიიწევს წინ.

რეჟისორ ოლეგ სენცოვს რუსეთის ციხეში 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის პროტესტის ნიშნად 145 დღე შიმშილობდა. რეჟისორი 2019 წელს გაათავისუფლეს ციხიდან კიევსა და მოსკოვს შორის პატიმართა ისტორიული გაცვლის შემდეგ.

ფილმი ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.

YouTube video player

ოთარის სიკვდილი

„ოთარის სიკვდილი“ რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმია, რომლის პრემიერაც წელს შედგა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, სადაც ფილმმა კინოკრიტიკოსების ჯილდო მიიღო.

ფილმი მოგვითხრობს ორ ოჯახზე, რომელთაც ერთი უბედური შემთხვევა აახლოებთ.

ფილმი ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.

მოთვინიერება

„მოთვინიერება“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა გასულ წელს. ფილმი გვიამბობს კაცზე, რომელიც ასწლოვან ხეებს ყიდულობს და საკუთარ ბაღში ეზიდება.

„მოთვინიერება“ ნაჩვენები იქნება კინოფესტივალის სექციაში „ქართული პანორამა“.

YouTube video player

მეხსიერება 

„მეხსიერება“ ტაილანდელი რეჟისორის, აპიჩატოპონგ ვერასეტაკულეს ახალი ფილმია, რომელიც წელს ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“.

ფილმში მთავარ როლს ტილდა სვინტონი ასრულებს. ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც აღმოაჩენს, რომ უცნაური ხმები ესმის.

„მეხსიერება“ წელს კანის კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი და ჟიურის პრიზი მიიღო.

YouTube video player

ბანდარ ბენდი

ეს ირანელი რეჟისორი ქალის, მანიჯე ჰეკმატის 2020 წელს გადაღებული ფილმია.

„ბანდარ ბენდი“ ჯგუფის ერთდღიან მოგზაურობაზე მოგვითხრობს დატბორილი პეიზაჟის ფონზე. ფილმი 2020-2021 წლებში ორი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

ფილმი ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი.

YouTube video player

ჰასანის ვალდებულება 

„ჰასანის ვალდებულება“ თურქი რეჟისორის, სემიჰ კაპლანოღლუს ახალი, 2021 წლის ფილმია.

აღწერის თანახმად, ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც მამამისის ვაშლის ბაღში მუშაობს და ცდილობს მის მიწაზე არ იდგეს ელექტროენერგიის ბოძი.

ფილმის პრემიერა წელს შედგა კანის კინოფესტივალზე. „ჰასანის ვალდებულება“ ბათუმის კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების კონკურსში იქნება ნაჩვენები.

YouTube video player

აივნის ფილმი 

პოლონელი რეჟისორის, პაველ ლოზინსის „აივნის ფილმი“ ბათუმის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური საკონკურსო ფილმების სექციაში.

ფილმი გადაღებულია ვარშავის ერთ-ერთი აივნიდან და გვაჩვენებს ქუჩაში, აივნის ქვეშ გამვლელ ადამიანებს, რომელთაც რეჟისორი ესაუბრება.

YouTube video player

ბაბი იარი. კონტექსტი 

უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ფილმი „ბაბი იარი. კონტექსტი“ ბათუმის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“.

ლოზნიცას ეს დოკუმენტური ფილმი 1941 წელს უკრაინაში ნაცისტების მიერ ებრაელების მკვლელობაზე მოგვითხრობს.

YouTube video player

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 18-24 სექტემბერს გაიმართება.

___________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „მეხსიერება“

ამ თემაზე: 

როგორ ჩატარდება წელს ბათუმის კინოფესტივალი | ინტერვიუ

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version