მთავარი,სიახლეები

გადააქვთ თუ არა PCR ტესტების ნიმუშები ხულოდან ბათუმში სტანდარტის დარღვევით

24.08.2021 • 2256
გადააქვთ თუ არა PCR ტესტების ნიმუშები ხულოდან ბათუმში სტანდარტის დარღვევით

ხულოში მცხოვრებმა მარი კოჩალიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბეშუმში გაკეთებული PCR ტესტის ნიმუშები შესაძლოა სტანდარტების დარღვევით გადაჰქონდეთ ლაბორატორიაში.

„ბებიაჩემს ჰქონდა შაბათს სიცხე და ტესტირებაზე როცა მივიყვანე, სწრაფმა დადებითი არ აჩვენა. მითხრეს, ორშაბათს მოიყვანე და PCR-ს გავუკეთებთო. ვკითხე, ახლა რატომ არ უკეთებთ-მეთქი. კურიერი არ გვყავს და ტესტის ნიმუშებს ვერ გავაგზავნითო, თუ ვინმე წავა, რომელიმე მარშრუტკის მძღოლი ან სხვა ვინმე, გავატანთო.

კიდევ ერთი ქალი იყო ტესტირებაზე მოსული იმ დღეს და იმანაც ჰკითხა, მე რომ გავატანო ვინმეს ტესტები ლაბორატორიაშიო? უთხრეს, რომ არ არის პრობლემაო. შეუძლიათ ჩვეულებრივ „მარშრუტკის“ მძღოლს გაატანონ აღებული ტესტების ნიმუშები. არ ვიცი რამდენად სწორია ეს“, – გვითხრა  მარი კოჩალიძემ.

ხულოში ცხოვრობს ლელა დეკანაძეც, რომელიც ასევე გვიყვება მსგავს შემთხვევაზე. „ჩემს დას როცა ტესტი აუღეს, უთხრეს, რომ კურიერი არ გვყავს და ვერ გავაგზავნით ნიმუშსო. მერე უთხრეს, რომ ვიღაცას გაატანეს. მანამდე კი დაახლოებით სამი თვის წინ, ჩემი მშობლები მოდიოდნენ ბათუმში და მათ გამოატანეს აღებული ტესტების ნიმუშები, ქალაქში დახვდა მესამე პირი და მათ გადასცეს შემდეგ“, – გვეუბნება ლელა.

მარი კოჩალიძე, რომელიც ამჟამად ბეშუმშია, ამბობს, რომ აქამდე არც ტესტებზე ჰქონდათ წვდომა მთაში მყოფ ადამიანებს და სულ რამდენიმე დღეა, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო. მარის თქმით, ტესტების რაოდენობა მაინც მცირეა.

„თუ სიცხისგან არ იწვი, PCR-ს არ გიკეთებენ, სწრაფი კი ხშირ შემთხვევაში ზუსტი არ არის. ადამიანები პირბადეს თითქმის არ ატარებენ და გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, – ამბობს ის.

„ბათუმელები“ ხულოს პოლიკლინიკის ექიმს, დალი აბულაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვს თუ არა ტესტის ნიმუშების ტრანსპორტირების პრობლემა და როგორ ართმევენ თავს.

დალი აბულაძე ამბობს, რომ  მანქანა ხშირად დადის და თუ არ არის, ასეთ შემთხვევაში კლინიკის რომელიმე თანამშრომელს ატანენ ნიმუშებს. „ნიმუშები სპეციალურ ყუთში თავსდება და ისე ვატანთ. კერძო პირებს არა, ჩვენი თანამშრომელი თუ არ არის, ისე არავის არ ვატან. ერთი შემთხვევა იყო, როცა ცხელებიანი პაციენტი მოვიდა, ეჩქარებოდა, მთხოვა მე მივიტანო. სხვა შემთხვევა არ ყოფილა“, – გვითხრა დალი აბულაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ კორონავირუსზე აღებული ტესტების ნიმუშები დაუშვებელია კერძო პირებმა თავიანთი ინიციატივით მიიტანონ ლაბორატორიაში. „მთაში ადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ჯგუფი. იქ ატარებენ ტესტირებას და რაც წამოსაღებია, მოაქვთ თვითონ“, – გვითხრეს აჭარის ჯანდაცვაში.

დღევანდელი მონაცემებით ბეშუმში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა. „ყველა პირი დამსვენებელი იყო და დადასტურების შემდეგ, მათ კურორტი დატოვეს“, – უთხრეს „ბათუმელებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: