მთავარი,სიახლეები

დელტა შტამი გაცილებით აგრესიულია ახალგაზრდებში, აიცერით – კოვიდრეანიმაციის ექიმი

23.08.2021 • 7280
დელტა შტამი გაცილებით აგრესიულია ახალგაზრდებში, აიცერით – კოვიდრეანიმაციის ექიმი

ერთი-ერთი პირველი ექიმი იყო, რომელმაც პირველი კოვიდპაციენტი მიიღო ბათუმში. ამბობს, რომ ყველაზე მეტად მეორე ტალღის დროს გაუჭირდა – როცა მედპერსონალი მასობრივად დაინფიცირდა და როცა პაციენტების რაოდენობამ პიკს მიაღწია. ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ჯემალ გელაშვილი „ბათუმელებს“ კოვიდთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე მოუყვა.

ის ამჟამად მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრის“ კოვიდრეანიმაციულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. პანდემიის პირველი ტალღის დროს კი კლინიკა „მედალფაში“ მუშაობდა.

—————–

„კოვიდგანყოფილებაში ვმუშაობ იმ დღიდან, როდესაც ბათუმში დაფიქსირდა კოვიდის პირველი შემთხვევა. ეს იყო 2020 წლის მარტის თვე. მაშინ მიმღები კლინიკა იყო ბათუმის „მედალფა“. ეს იყო პირველი ტალღა. იმ დღიდან ვმუშაობ რეანიმაციულ განყოფილებაში ამ მიმართულებით.

დასაწყისში კოვიდი იყო გამოწვევა – დაავადება იყო ახალი, არ იყო ბევრი ცოდნა დაგროვილი, ხოლო რეგულაციები გაცილებით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ახლაა.

ჩვენ სამი თვე მოგვიწია დახურულ სივრცეში ცხოვრება. რთული იყო, რადგან პერსონალი ვერ გამოდიოდა ქუჩაში, ვერ ხვდებოდა ოჯახის წევრებს, მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო, ინტერნეტით ჰქონდათ კომუნიკაცია.

ეს იყო პირველი შეხება ამ დაავადებასთან, დიდი გამოწვევა, რომელმაც გარკვეული კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაზე.

პირველი ტალღა დასრულდა, თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მალევე, სექტემბერში მეორე ტალღა დაიწყო.

ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი გავწერეთ ივლისის თვეში, ბათუმი გამოცხადდა მწვანე ზონად, ეს იყო დიდი სიხარული და ვფიქრობდით, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. სამწუხაროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა. როგორც უკვე ვნახეთ, შევედით მეორე ტალღაში და ახლა ვართ მესამე ტალღაში.

მეორე ტალღის დასაწყისი დაემთხვა ტურისტული სეზონის დასრულებას და მომართვიანობა კლინიკაში იყო ძალიან დიდი. იმ პერიოდში კლინიკების უმრავლესობას არ ჰქონდა შეხება ამ დაავადებასთან. არ იცოდნენ, როგორ უნდა ემართათ. ყველა ერთად, მედპერსონალი აღმოვჩნდით მძიმე სიტუაციაში.

ამას, მართალია, მალევე გავართვით თავი, მაგრამ გასახსენებლად ძალიან ძნელია – იყო საწოლფონდის დეფიციტი, მომართვიანობა იყო ძალიან დიდი, დაავადება მიმდინარეობდა პირველ ტალღასთან შედარებით უფრო აგრესიულად. ამიტომ მეორე ტალღა გასახსენებლად კიდევ უფრო ემოციურია.

მეორე ტალღა იყო ნამდვილ ბრძოლაში შესვლა. იმის შემდეგ მესამე ტალღა გაცილებით ადვილია, რადგან ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, მათ შორის, პაციენტებთან ურთიერთობის. თვითონ ვირუსთან ბრძოლის პრინციპები გადაიხედა, ბევრჯერ შეიცვალა გაიდლაინები, პროტოკოლები, მართვა და მკურნალობის პროცესი გაცილებით გაგვიადვილდა მესამე ტალღის პირობებში.

მესამე ტალღაში დომინანტური გახდა ინდური დელტა შტამი, რომელიც სამჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე იყო წინა შტამი და გაცილებით აგრესიულია ახალგაზრდებში.

თუ წინა ტალღის დროს, როცა ინგლისური შტამი ცირკულირებდა, არ გვქონდა იმდენი ინფიცირება და არ გვქონდა იმდენი ლეტალური გამოსავალი, ახლა ინდურმა შტამმა ეს პროცესი გააახალგაზრდავა. უფრო მეტი ახალგაზრდა ხვდება კლინიკაში. უფრო მეტი ახალგაზრდაა მძიმედ. ამიტომ, მესამე ტალღა განსხვავებულია ამ კუთხით.

ეს არის ძალიან ვერაგი დაავადება.

რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე დამთავრდა ლეტალურად. ამას განიცდის მთელი მედპერსონალი, ადმინისტრაციაც. ჩვენ ერთად ვართ ამ პროცესში. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ ხელებს ვერ ჩამოვუშვებთ. სხვა შემთხვევაში უფრო უკიდურესად გვექნება მდგომარეობა.

ემოციურად ძალიან დამთრგუნველია ეს ყველაფერი, როდესაც გინდა, რომ უშველო ახალგაზრდა ადამიანს, მაგრამ… არ აქვს მნიშვნელობა, ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდის… ყველაფრის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებ.

ეს ემოციურად გტვირთავს, განვიცდით.

აიცერით

ყველას, მათ შორის, იმ ხალხს, ვისაც სიხარულით ვწერთ კლინიკიდან, მათ ახლობლებს ყოველთვის ვეკითხებით – არიან თუ არა აცრილები.

მინდა ვისარგებლო და ვუთხრა ყველას, რომ ერთადერთი ხსნა, სანამ არ გვაქვს ვირუსთან საბრძოლველად პრეპარატი, არის აცრაში.

ამიტომ ნუ დაიზარებენ. დაიწყონ აცრა, ამის რესურსი ქვეყანას გააჩნია. ერთადერთი შეკავება, რომ გაწყდეს ჯაჭვი და აღარ გადაედოს ერთი ადამიანიდან მეორეს, არის ვაქცინაციის პროცესი.

რეანიმაციულ განყოფილებაში ხვდებიან აუცრელი პაციენტები. შეიძლება აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს აცრის პრინციპი, რომ გვარიდებს რეანიმაციულ საწოლს.

გაცილებით იოლად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში უსიმპტომოდ ეწერებიან ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა მხოლოდ ერთი აცრილი პაციენტი, რომელსაც დამატებითი ჟანგბადი დასჭირდა და საბოლოოდ პოზიტიურად დასრულდა.

„აღარ შემიძლია“

ჩვენც ადამიანები ვართ, ვიღლებით. ემოციურადაც. ასე იყო მეორე ტალღის შემთხვევაშიც, როდესაც არ გვყოფნიდა საწოლები და როდესაც გამუდმებული ზარები იყო… უცნობი ადამიანები გვირეკავდნენ, რომ აი, ცუდად ჰყავდათ ვიღაც, სუნთქვა არ შეეძლოთ. ამ დროს, ელემენტარულად საწოლი არ იყო. ასეთი სიტუაცია იშვიათად გვქონდა, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, რომ ადამიანებს არ ჰყოფნიდათ საწოლები.

ამიტომ ჩვენთვის, როგორც ექიმებისთვის [როდესაც შენ არ შეგიძლია ადამიანი მოახვედრო სტაციონარში], ეს მძიმეა. რა თქმა უნდა, ჩვენც, პერსონალსაც გვითქვამს, რომ უკვე დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, მაგრამ მეორე დღეს იცვლება განწყობა, ისევ სავსე ვართ შრომის უნარით და ჩვენი საქმის კეთებას ვაგრძელებთ.

ვინ ხვდება რეანიმაციაში

რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკული მართვის დეპარტამენტებში პაციენტები ხვდებიან იმ შემთხვეს სჭირდებათ დამატებით ჟანგბადი. არ ჰყოფნით დამატებითი ჟანგბადი ე.წ. მარტივი ნიღაბი და ჟანგბადს მაღალი ნაკადით აწვდიან.

მაქსიმალურად ვცდილობთ, არ მოგვიწიოს პაციენტების გადაყვანა მართვით სუნთქვაზე. პაციენტები, რომლებიც გადადიან მართვით სუნთქვაზე, ძალიან მცირე პროცენტი გამოჯანმრთელდება… როგორც წესი, ისინი დისტრეს სინდრომით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით და შემდგომ უკვე პოლიორგანული უკმარისობით, სამწუხაროდ, ლეტალურად ასრულებენ სიცოცხლეს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი (ნიღბებით ვენტილაცია) გავახანგრძლივოთ, მაგრამ ხდება ხანდახან ისე, რომ ვერ ხერხდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადის მიწოდება, ვერ ხერხდება, ვთქვათ, იგივე ადეკვატური ოქსიგენაციის შენარჩუნება და სამწუხაროდ გვიწევს ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა მართვითი სუნთქვა და შემდგომ უკვე პაციენტის მართვა ამ რეჟიმზე.

როცა თავად ხარ კოვიდინფიცირებული

პირველი ტალღა იყო გაცილებით იოლი და მარტივი. გავატარეთ 75 თუ 77 პაციენტი, ზუსტად აღარ მახსოვს.

მაშინ არ დავინფიცირებულვარ, მაგრამ მეორე ტალღის დროს შემხვდა კოვიდი. მაშინ კრიზისი იმის გამოც შეიქმნა, რომ დაინფიცირდა მედპერსონალიც.

ექიმები მოუწოდებდნენ ხალხს დაეცვათ წესები, ეტარებინათ პირბადე, მედპერსონალი იყო გადაღლილი.

ეს იგივეა, ომიდან დაბრუნდეს ჯარი, რომელიც არის დაღლილი და აღარ აქვს სურვილი ხელმეორედ შევიდეს ამ ბრძოლაში. თუმცა რას ვიზამთ, მსოფლიოში პანდემიაა, ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მივაღწევთ ჯოგურ იმუნიტეტს, რომ ადამიანების უმრავლესობას გვქონდეს იმუნიტეტი. ჩვენ იმავე რეჟიმში ვაგრძელებთ შრომას.

როგორ შეუძლია საზოგადოებას დაეხმაროს სამედიცინო პერსონალს

ჩვენი მედპერსონალი, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური, კლინიკაში მომუშავე პერსონალის დაახლოებით 97% არის სრულად აცრილი. 3 % ან პირველი დოზითაა აცრილი და ელოდება მეორე დოზას, ან არ გასვლია ინფიცირებიდან საჭირო დრო, რომ აიცრან.

საზოგადოებას მიწოდებული აქვს ინფორმაცია, ეს იქნება ტელევიზიის თუ ინტერნეტის საშუალებით, თუ სხვა მედიასაშუალებებით, რომ მათ უნდა დაიცვან ჯანმოს რეკომენდაციები – აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია, მოერიდონ ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებს.

არ უნდა იმართებოდეს 500-კაციანი შეკრებები, ეს იქნება ქორწილი, დაბადების დღე თუ ასე შემდეგ, რათა არ მოხდეს ერთმანეთის დაინფიცირება და აღარ გაგრძელდეს შემდეგ უკვე უწყვეტი ჯაჭვი დაინფიცირებისა.

ეს რეკომენდაციები, სამწუხაროდ, ჩვენთან ნაკლებად სრულდება. ხალხმრავალი ქორწილებიც ტარდებოდა, სხვა ღონისძიებებიც. ამიტომ, რას მოვუწოდებ მოსახლეობას? – დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის ძნელი. ვატაროთ სამედიცინო პირბადე, დავიცვათ დისტანცია. მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებს და ყველაზე მნიშვნელოვანი – აუცილებელია საზოგადოება ჩამოშორდეს ამ ფეიკნიუსებს და გადავიდნენ ვაქცინაციაზე. დაიცვან საკუთარი ოჯახის წევრები და გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე.

სხვა შემთხვევაში, როდესაც მათ შეეხებათ ეს პრობლემა, მერე  ფიქრობენ სხვანაირად. სჯობს დღესვე დავიწყოთ ეს პროცესი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს თვითშეგნება საქართველოში მაინც და მაინც მაღალი არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: