„მოქალაქეს თუ კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თავად არის ვალდებული დარეკოს 112[2]-ზე და დააფიქსიროს ამ ფაქტის შესახებ.
ვირუსის დადასტურების დაფიქსირების შემდეგ მოქალაქის პირადი საქმე ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკავშირდებიან ინფიცირებულ პირს და მის კონტაქტებს [ოჯახის წევრებს და სხვებს, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში] იწერენ მონაცემებს და შემდგომ უკვე მიმდინარეობს მათი კონტროლი 12 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში ისინი უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამთავრობო ცხელ ხაზზე [144].
რაც შეეხება კონტაქტირებული პირების რახან კონტაქტირებული პირები იზოლაციაში უნდა იყვნენ ამ 12 დღის განმავლობაში, ისინი უკავშირდებიან მათ პირად ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის მიმართვიანობით ხდება ტესტირებაზე გადამისამართება, სრულიად უფასოდ.
თუმცა, ოჯახის ექიმი ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმებით წყვეტს პირის ტესტირების საკითხს, ასევე როგორ უნდა გადაადგილდეს პირი იზოლაციიდან კლინიკის მიმართულებით – ოჯახის ექიმი ჯავშნის სპეციალურ ვიზიტს, რათა კლინიკა იყოს მზად, რომ მიდის კოვიდკონტაქტირებული პირი“.
მოქმედი კანონმდებლობით, კონტაქტირებულთა თვითიზოლაცია სავალდებულოა სრული 12 დღე. თვითიზოლაციის დარღვევისთვის კი, პირი 2000 ლარით ჯარიმდება. მიუხედავად ამისა, იმ პირთა კონტროლი, რომლებიც ვალდებულნი არიან იყვნენ თვითიზოლაციაში, სახელმწიფოს მხრიდან დღეს, ფაქტობრივად, არ ხორციელდება.
„კლინიკა, სადაც ტესტირებით მოქალაქეს დაუდასტურდება ვირუსი, მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტროს აწვდის და არა 112-ს. კოვიდინფიცირებულმა მოქალაქემ 112[2]-ში თავად უნდა დააფიქსიროს ფაქტი, რადგან თუ იზოლაციის საშუალება არ აქვს, 112[2] აგზავნის სასწრაფო დახმარების ჯგუფს და გადაჰყავთ ან ჰოსპიტალში თუ ესაჭიროება, ან კოვიდსასტუმროში“ – აცხადებენ სამთავრობო ცხელ ხაზზე –
„მოქალაქე კრეფს 112-ს და ავტომოპასუხის ჩართვის შემდეგ 2-ს. ეს არის სპეციალური ცხელი ხაზის ნომერი კოვიდისთვის შექმნილი. 112[2]-ს საკუთარი ოჯახის ექიმები ჰყავს კოვიდის მიმართულებით, მათთან აგზავნის მოქალაქის საქმეს და შესაბამისად, ესენი უკვე კურირებენ მოქალაქეს“.
მოქალაქეების თქმით კი, ბოლო დღეებში 112[2] ძნელად ან ფაქტობრივად არ პასუხობს. „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე გადაამოწმა და აღნიშნულ ცხელ ხაზზე დაკავშირება მართლაც არ ხერხდება – „ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით“ – ისმის ავტომოპასუხის ხმა.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექიმთა საზოგადოების სახელით 720-მა ექიმმა მიმართა მთავრობასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.
მიმართვაში ექიმებს კითხვები აქვთ ეპიდგამოძიებასთან დაკავშირებითაც, ანუ კოვიდპაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანის პროცესზე, რაც წინა პერიოდში „საუკეთესოდ ხორციელდებოდა“.
ექიმების თქმით, ეს პროცესი ამჯერად დროში გაჭიანურებულია, ხშირად არ სრულდება რეგულაციები, ამასთან სუსტია, ან საერთოდ არ არის კონტროლი შესაბამისი უწყებების [პოლიციის] მხრიდან.
[toggle title=”ამ საკითხზე უფრო ვრცლად ნახეთ აქ“]
„კითხვა მეორე ეხება ეპიდ-გამოძიებას, კოვიდ-პაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანას, რაც პირველი სამი ტალღის დროს საუკეთესოდ ხორციელდებოდა.
როგორც კი პორტალზე აისახება ახალი კოვიდ-შემთხვევა, ცენტრის ეპიდემიოლოგი გადასცემს ინფორმაციას ცენტრის დირექტორს და იწყებს ეპიდ-კვლევას, ურეკავს პაციენტს, უხსნის შექმნილ ვითარებას, იკვლევს მის კონტაქტებს. ჯამურ ინფორმაციას კვლავ გადასცემს დირექტორს, დირექტორი ყოველი დღის ბოლოს გადასცემს ინფორმაციას რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრს და პოლიციას, აქ ეპიდემიოლოგის მოვალეობა მთავრდება.
რეგიონული ცენტრიდან ინფორმაცია ყოველდღიურად გადაეცემა სამინისტროს და იქიდან მიდის ონლაინ ოჯახის ექიმებთან.
აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები:
1. ამ პროცესში იკარგება დრო, როგორც მინიმუმ 12 საათი, ბევრი შუალედური რგოლია, ხომ არ ჯობს, ეპიდემიოლოგის ინფორმაცია ონლაინრეჟიმში იტვირთებოდეს რეგიონის ან პირდაპირ სამინისტროს პორტალზე? ეს მოგვცემს პროცესის დაჩქარების საშუალებას.
2. რაც შეეხება პოლიციას. ვფიქრობ იგი ანგარიშვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყოველდღიური ინფორმაცია მიაწოდოს სპეციალურად გამოყოფილ პირს განყოფილებაში ან ჯანდაცვის სამინისტროში, თუ რა საკარანტინო წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი დღის განმავლობაში. მაგალითად, რამდენი ასეთი ჯარიმა იქნა ბოლო თვეში გამოწერილი? აუცილებელია, კანონის სრული სიმკაცრით (ვგულისხმობთ რეგულაციებით გათვალისწინებულ ფულად ჯარიმას) მოხდეს მათი მხრიდან საკარანტინო წესების დამრღვევი პირების დასჯა.
აქვე უნდა ვიკითხოთ, რატომ არ ჯარიმდებიან კოვიდ-პაციენტები, რომლებიც ხშირად საღამოობით გარეთ სეირნობენ ან სისხლის ასაღებად მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან;
უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს სახეზე.
ან რატომ არ ხდება კოვიდ-პაციენტების კონტაქტების რეგულარული კონტროლი? ხომ არსებობს ასეთი რეგულაციები, რატომ
არ ხდება მათი კონტროლის უზრუნველყოფა?
3. ონლაინ ოჯახის ექიმები, რომლებიც კოვიდ-პაციენტებთან დარეკვას ვეღარ ახერხებენ გაზრდილი რაოდენობის გამო, ვფიქრობთ, რომ კონტაქტების მოძიებასა და მათ კარანტინში გადაყვანას სრულფასოვნად მოახერხებენ? რატომ არ ვუბრუნებთ ამ უმნიშვნელოვანეს დავალებას ეპიდემიოლოგებს?
4. გახშირდა შემთხვევები, როცა კოვიდ-კონტაქტებს ან საერთოდ არ უკავშირდებიან ან სწრაფი ტესტის აღების შემდეგ მეორე დღეს მუშაობის უფლება ეძლევათ. რას ეფუძნება ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება?“
წერილის სრული ტექსტი წაიკითხეთ აქ
[/toggle]
დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა და მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.
10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
10 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ბოლო 24 საათში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
განახლება: 2021 წლის 12 აგვისტოდან კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს“.
მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა