მთავარი,სიახლეები

მეგობრების ბრძოლა 26 წლის ბიჭის გადასარჩენად – #ჭიპასთვის

09.07.2021 • 3426
მეგობრების ბრძოლა 26 წლის ბიჭის გადასარჩენად – #ჭიპასთვის

ყველა ვიდეოში მღერის, ცეკვავს ან ხუმრობს. ყველა ფოტოზე იცინის. აგერ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაღებული ვიდეოც, მეგობრებთან ერთადაა, ზღვისპირა, მყუდრო კაფეში ყველა ერთად ცეკვავს და ყველა ბედნიერია. მანოც აქვეა, მისი შეყვარებული. სულ, სულ ერთად ცეკვავენ ვიდეოში და ათას რამეზე იცინიან.

ჭიპა (დათო ჭიპაშვილი) და მანო როხვაძე

დათო ჭიპაშვილის, იგივე ჭიპასთვის, რას არ აკეთებენ მეგობრები. შექმნეს სპეციაური გვერდი ფეისბუქზე: ჭიპასთვის ყიდიან საკუთარ ნახატებს, ხელნაკეთ ნივთებს, სტარტაპერები თავიანთი პროდუქტების გაყიდვების ნაწილს ურიცხავენ ჭიპას, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები – ყოველდღე, ვისაც რა და რამდენი აქვს იმდენს აგროვებს ჭიპასთვის, 26 ბიჭისთვის, რომელიც მაშინაც ხუმრობს და იცინის, როცა მთელი სხეულის გადასაღებად მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში წვება და ნელი სვლით შეჰყავთ გვირაბში – შემდეგი გამოკვლევისთვის.

ჭიპა (დათო ჭიპაშვილი)

4 თვის წინ ჭიპას და მანოს ცხოვრება სულ სხვანაირი იყო. ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ, ჭიპას სტარტაპის იდეა ჰქონდა და ერთად უნდა დაეწყოთ საქმე, მაგრამ მხარზე უეცრად გაჩენილმა წანაზარდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

26 წლის დათო ჭიპაშვილს 4 თვის წინ ბიფაზურ-სინოვიალური სარკომა დაუდგინდა, მე-3 სტადია. ოპერაცია ბათუმში გაუკეთეს, მაგრამ მალევე რეციდივი გამოვლინდა და ზუსტად იმავე ადგილას წანაზარდი ისევ გაჩნდა.

ჭიპა ახლა სტამბოლში, კლინიკა აჯიბადემშია მანოსთან და დედასთან ერთად. ჩაუტარდა საჭირო კვლევები და ექიმებმა დაადგინეს, რომ მალე კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. ოპერაცია 85 ათასი დოლარი ღირს და 20 დღეში უნდა გაკეთდეს.

„თავიდან გვეგონა, რომ მაქსიმუმ 25 ათასი დოლარი იქნებოდა საჭირო. გვეგონა, ამას ახლობლებიც შევაგროვებდით. გავაკეთეთ დახურული ჯგუფი, სადაც მეგობრები, ნათესავები, ოჯახის ახლობლები ვიყავით მხოლოდ და ასე ვაგროვებდით თანხას.

თუმცა ექიმებმა გვითხრეს, რომ ეს საკმარისი არაა და 85 ათასი დოლარია საჭირო. დამოუკიდებლად ვეღარ შევძლებდით ამ რესურსის მოგროვებას და საჯარო, ღია ჯგუფი გავაკეთეთ ფეისბუქზე, რომელსაც ჰქვია „ჭიპასთვის“.  რამდენიმე დღეა დავიწყეთ ეს კამპანია, ვისაც როგორ შეუძლია ყველა ეხმარება დათოს. სხვადასხვა ქალაქში ყუთებით დადიან, აწყობენ გარე ვაჭრობას და ბევრი ვინმე ცდილობს გააკეთოს თუნდაც მცირედი, რომ ეს თანხა შეგროვდეს. დრო გვაქვს ძალიან, ძალიან ცოტა“, – ამბობს მანო როხვაძე.

უკვე ერთი კვირაა, რაც ფეისბუქზე დათო ჭიპაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მისმა მეგობრებმა შექმნეს გვერდი „ჭიპასთვის“. გვერდზე ყოველდღიურად უამრავი პოსტი იდება, უამრავი ადამიანი გულშემატკივროს 26 წლის დათოს, რომ იცოცხლოს, ისევ იცინოს, თურქეთიდან ჯანმრთელი დაბრუნდეს და დაიბრუნოს 4 თვის წინანდელი, უდარდელი და სიცოცხლის ხალისით სავსე ყოფა – 85 ათას დოლარად.

___

თიბისი ბანკი:

GE02TB7285736515100024

საქართველოს ბანკი:

GE11BG0000000162629357

ლიბერთი ბანკი:

GE14LB0711171882575000

ასევე შეგიძლიათ გადარიცხოთ საქართველოს ბანკის Plus ქულები პირადი ნომრით: 01019075333

ასევე თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ „თიბისიდან“ ან „საქართველოს ბანკიდან“ პირადი ნომრითაც ნებისმიერ ანგარიშზე: 01019075333

დაგვემატა Paypal საერთაშორისო გზავნილებისთვის – თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ paypal-ის ექაუნთებიდან: https://www.paypal.me/tchipastvis

გადაბეჭდვის წესი


ასევე: