ნეტგაზეთი • RU

მეტი წიგნი ადამიანებს | ზურაბ ჭიაბერაშვილი

ავტორი:ზურაბ ჭიაბერაშვილი

საზოგადოება ზიარჭურჭელია. ყოველი ინდივიდი ივსება, როგორც ამ ზიარჭუჭლის ერთი ნაწილი და მერე მისი ცოდნა, გამოცდილება, ნაფიქრი, განცდილი გასასვლელს სხვა ნაწილებისკენ ეძებს.

ასე ვავსებთ ადამიანები ერთმანეთს.

წიგნი ამ ზიარჭურჭლის სითხეა. მხატვრობაც. მუსიკაც. ქანდაკებაც. კინოც.

მას ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია. გაზიარება, მთელი ზიარჭურჭლის მოვლა, ყველა ნაწილის ავსება მისი თანდაყოლილი თვისებაა.

ყოველი ჩვენგანი სხვა ადამიანების ნაფიქრსა და განცდილს წიგნებიდან ვიგებთ და ვიღებთ. ყველაზე უიმედო წუთებში ის გვახსენდება, სხვა ადამიანებმა როგორ გაუძლეს განსაცდელს. და ეს სწორედ წიგნებში გვაქვს ამოკითხული. მუსიკით გვაქვს განცდილი. ეკრანზე გვაქვს ნანახი.

წიგნი და, ზოგადად, ხელოვნება – ზიარჭურჭლის ეს სითხე – დროის შეზღუდულობას არღვევს. წიგნის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ისევე განვიცადოთ საუკუნეების წინ მომხდარი ამბები, გამარჯვების სიხარული, დამარცხების სიმწარე, სიყვარულის სიტკო, განშორების სევდა, როგორც გუშინ და დღეს მომხდარი ამბავი. წიგნი აერთებს ჩვენს სისხლძარღვებს წარსულთან და აბამს მას მომავალთან.

იმისათვის რომ ავივსოთ – ფიქრით, ემოციით, განცდით, რწმენით, იმედით – წიგნს ვკითხულობთ, მუსიკას ვუსმენთ, ქანდაკებას ვუცქერთ. იმისათვის, რომ სხვა ავავსოთ – ასევე ფიქრით, ემოციით, განცდით, რწმენით, იმედით – ამბებს ვყვებით. თუ კალამი გვიჭრის, წიგნების მეშვეობით.

ყველა დიდი მწერალი დიდი მკითხველია. ის სულ კითხულობს – ამბებს, ისტორებს, წიგნებს. რაც მთავარია, ადამიანებს.

როცა ვკითხულობთ, ადამიანების ამბებს ვკითხულობთ. თავად ადამიანებს ვკითხულობთ.

როცა ადამიანებს ვკითხულობთ, თანავუგრძნობთ კიდეც მათ. გვესმის მათი. მათი დახმარების სურვილით ვიმსჭვალებით.

სწორედ ამ კითხვაში, წიგნების კითხვაში, ადამიანების ამბების კითხვაში, ადამიანების კითხვაში გვივითარდება მოყვასის სიყვარული, თავისუფლების შეგრძნება, ბედნიერებისკენ სწრაფვა, თანასწორობის განცდა.

სწორედ ამ კითხვაში გვიჩნდება სურვილი, სხვამაც წაიკითხოს, განიცადოს, გაიგოს, გაიზიაროს. რადგან წიგნი მოუსვენარი სითხეა, ჩვენ კი – ზიარჭურჭელი, რომელშიც ეს სითხე ნაწილიდან ნაწილში, ადამიანიდან ადამიანში, მკითხველიდან მკითხველში, ამბიდან ამბავში დადის და გადადის.

ამიტომაც გამიხარდა, როდესაც კარგმა მოქალაქემ, მკითხველმა და აწ უკვე თავადაც ავტორმა, სულხან სალაძემ ჩამრთო კამპანიაში, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის სამოცზე მეტ სოფელში, სკოლისა თუ სოფლის ბიბლიოთეკებისთვის  თანამედროვე მხატვრული და სპეციალობების შესაბამისი წიგნების საჩუქრად მიწოდებაა.

მეტი სითხე ჩვენს ზიარჭურჭელში.

მეტი წიგნი ადამიანებს.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ბუქმობილი bookmobile

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.