Batumelebi | შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – Batumelebi
RU | GE  

შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ შსს-ს პოზიცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეებში მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. „ფარულ თვალთვალს“ იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო პატრულირებას „თვალთვალთან“ საერთო არაფერი აქვს, აშკარაა, რომ შეგნებულად ხდება აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

უკანასკნელ 2-3 წელიწადში საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. იმატა დატვირთვამ გზებზე და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებმაც.

შსს-ს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, აღნიშნულ სფეროში ქმედითი ღონისძიებები გავატაროთ.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უკონტაქტო პატრულირება, ისევე, როგორც მთლიანად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი, ემსახურება ყველაზე მთავარ ღირებულებას – ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას. ცალსახაა, რომ:

  • უკონტაქტო პატრულირება არ ხორციელდება წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირთა წრის მიმართ, არამედ – საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე. უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება.
  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი, არ ხდება მძღოლის იდენტიფიცირება – ავტომობილის მესაკუთრის სახელზე დგება ვიდეო-ჯარიმის ოქმი, რომელიც დღესაც დამკვიდრებული სტანდარტია.

უკონტაქტო პატრულირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და იცავს მოძრაობის მონაწილეებს: ქვეითებს, მგზავრებს და მძღოლებს – მაშინაც კი, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.

პროექტის თანახმად, უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობებს ქულებს არ აკლებს.

რაც შეეხება მოთხოვნას სპეციალური საინფორმაციო ნიშნების განთავსების თაობაზე, ეს საკითხი ისედაც მოწესრიგებულია კანონით პოლიციის შესახებ, კერძოდ, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოტექნიკის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

შსს ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“.

ფარული პატრულირების შემოღება, რასაც  საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება ადამიანის პირად ცხოვრებას – აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: „ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com