განათლება,მთავარი,სიახლეები

აშშ-ის საელჩოს გვერდზე უხამსი კომენტარის შემდეგ, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

08.07.2021
აშშ-ის საელჩოს გვერდზე უხამსი კომენტარის შემდეგ, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გორის რესურსცენტრში დაუდასტურეს. ფეისბუქპოსტის თანახმად, ქარელი ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერია.

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა სავარაუდოდ მის მიერ დაწერილ უხამს კომენტარს უკავშირდება, რომელიც ყოფილმა დირექტორმა საქართველოში აშშ-ის  საელჩოს ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

კომენტარში ქარელი წერს: ,,ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, არ გსმენიათ?“.

საელჩოს პოსტი შეეხებოდა 5 ივლისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს.

„ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე“, – წერდნენ საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივად.

ყოფილი დირექტორისთვის ვაპირებდით გვეკითხა, დატოვა თუ არა თანამდებობა აღნიშნული კომენტარის გამო და რას ფიქრობდა ძალადობაზე, რომელიც 5 ივლისს რუსთაველზე იხილა საზოგადოებამ. თუმცა ზურაბ ქარელს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

„ჩვეულებრივი, სტანდარტული განცხადებაა დაწერილი მინისტრის სახელზე და გადავგზავნეთ სამინისტროში. დღეს შემოიტანა განცხადება“, – უთხრა „ბათუმელებს“ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მისი თქმით, ყოფილ დირექტორს სხვა რაიმე განმარტება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე არ გაუკეთებია.

ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს გვერდზე ქარელის მიერ დაწერილი კომენტარის სქრინები ნახა. ვკითხეთ, მისთვის რამდენად მისაღებია, როცა სკოლის დირექტორი მსგავს უხამსობას წერს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომენტარის შინაარსი მისთვის მიუღებელია.

„პირადად მე, როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ არასწორია ეს კომენტარი, რადგან ევროინტეგრაცია არის სახელმწიფოს შეუქცევადი გზა. ვთვლი, რომ შეურაცხყოფის მიყენება საელჩოს გვერდზე არასწორია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, – ამბობს ტერმაკოზაშვილი.

ზურაბ ქარელი სამი წელია, რაც გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტად მუშაობდა. ის იყო არა არჩეული, არამედ დანიშნული დირექტორი.

ზურაბ ქარელი ამავე სკოლაში მასწავლებლადაც მუშაობს. ამიტომ გვინდოდა გაგვერკვია, იმსჯელებს თუ არა მის ქცევაზე სკოლის ეთიკის საბჭო და შეუნარჩუნდება თუ არა სკოლაში საათები, თუმცა სკოლასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

რესურსცენტრში კი გვითხრეს, რომ მათ ყოფილი დირექტორის გარდა, სხვა პირის ტელეფონის ნომერი არ აქვთ, ვისაც სკოლაში დაუკავშირდებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: