მთავარი,სიახლეები

არ მუშაობს პორტალი, რომელზეც “სინოფარმით” ასაცრელად რეგისტრაციაა შესაძლებელი

03.07.2021 • 1457
არ მუშაობს პორტალი, რომელზეც “სინოფარმით” ასაცრელად რეგისტრაციაა შესაძლებელი

არ მუშაობს პორტალი, რომელზეც დღეს, 3 ივლისს “სინოფარმის” ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე შესვლისას მომხმარებელს შემდეგი ტექსტი ხვდება: “გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის”.

საიტზე რეგისტრაცია დღის 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რატომ არ მუშაობს პორტალი? – დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა, სადაც სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამ დრომდე  [13:00 საათი] ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება თუ რატომ არ მუშაობს საიტი.

მოქალაქეთა ზარებს არ პასუხობენ არც სპეციალურ ნომერზე [ 1522-ზე], რომელიც იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებიც ინტერნეტით ვერ ახერხებენ რეგისტრაციას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ, 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ COVID-19 ჩინური წარმოების ვაქცინების “სინოფარმის” და “სინოვაკის”  1 მილიონი დოზა შემოიტანეს საქართველოში.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს უნდა დაწყებულიყო, ხოლო უშუალოდ ვაქცინაცია ორშაბათს, 5 ივლისს დაიწყება. ცნობილია, რომ “სინოფარმის” ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია თავდაპირველად ორ კვირიან პერიოდზე გაიხსნება. ორი კვირის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება “სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაციაც.

განახლება:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალის გათიშვის მიზეზი კიბერშეტევაა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

https://netgazeti.ge/news/552006/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: