Batumelebi | პედაგოგი მესტიიდან, რომელიც 5 საგანს ასწავლის – მოსწავლეთა შეფასების სისტემა შესაცვლელია  პედაგოგი მესტიიდან, რომელიც 5 საგანს ასწავლის – მოსწავლეთა შეფასების სისტემა შესაცვლელია  – Batumelebi
RU | GE  

პედაგოგი მესტიიდან, რომელიც 5 საგანს ასწავლის – მოსწავლეთა შეფასების სისტემა შესაცვლელია 

გიორგი ტერუნაშვილი მესტიაში, სოფელ კალის საჯარო სკოლაში ისტორიას, გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებას, ჩვენს საქართველოს და ქართულ ენას ასწავლის. „დღე და ღამე გასწორებული მაქვს“, – გვეუბნება მასწავლებელი, რომელიც 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შეარჩიეს. რატომ ასწავლის 5 საგანს და რა ხარვეზებს ხედავს განათლების სისტემაში – პედაგოგი ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, 5 საგნის სწავლება ალბათ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, როგორ ართმევთ თავს?

დღედაღამეს ვასწორებ, რადგან 29 საათი მაქვს, ძალიან დატვირთული ვარ. მაღალმთიან რეგიონებში კადრების დეფიციტია, ამიტომ მომიწია ამდენი საგნის სწავლება.

  • პედაგოგებს თავიანთ საგნებში სთხოვენ კომპეტენციის დადასტურებას, ყველა საგანი ჩაბარებული გაქვთ?

უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს ისტორიაში და სამოქალაქო განათლებაში. დაწყებით საფეხურზეც ვასწავლი ჩემს სადამრიგებლო მესამე კლასს ქართულს. რა თქმა უნდა, დაწყებითი საფეხური ცოტათი სპეციფიკურია, თუმცა გადამზადება გავიარე, მეგობრები დამეხმარნენ და თავს ვართმევ.

  • ვინ წარგადგინათ ეროვნულ ჯილდოზე?

ჩემმა კოლეგებმა, 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრმა თამარ ადამიამ და გიორგი ჭაუჭიძემ გამიწია რეკომენდაცია, რომელიც ამავე წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია.

გიორგი ტერუნაშვილი, მასწავლებელი მესტიიდან

  • სკოლაში დიდი ხანია ასწავლით?

15 წელია მასწავლებელი ვარ. თავიდან თბილისის 51-ე სკოლაში ვასწავლიდი, 2001 წელი იყო და ის დროა, როცა მასწავლებლის ხელფასი იმდენად დაბალი იყო, რომ გზის ფულადაც კი არ მყოფნიდა. 2009 წელს ჩავერთე პროექტში „ასწავლე საქართველოსთვის“ და სამუშაოდ ხულოში, სოფელ ბაკოს საჯარო სკოლაში წავედი.

ზოგადად, აჭარაში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, ძალიან საყვარელი მოსწავლეები მყავდა. რაც მთავარია, მათ მაღიარეს და მიმიღეს. უბედნიერესი ვარ, როცა ყოფილი მოსწავლეები ახლაც მეხმიანებიან.

  • რა არის თქვენი, როგორც მასწავლებლის ძლიერი მხარე?

ალბათ ის, რომ ძალიან კარგად გამომდის საგანთა ინტეგრაცია. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ პარალელები, კურიკულუმი დროსთან თანხვედრაში უნდა იყოს. როცა ქართულში ისწავლება, მაგალითად, „შუშანიკის წამება“, ისტორიაში უნდა ვასწავლოთ ვთქვათ, ვახტანგ გორგასალი და უბრალოდ თემა კი არ უნდა ვასწავლოთ, ისტორიული კავშირები უნდა გავაკეთოთ, ისტორიული და ლიტერატურული წყაროების ანალიზი უნდა გავაკეთოთ, მოსწავლეს უნდა შეეძლოს დაინახოს, რა პროცესს რა მოჰყვა ან რა შეიძლება მოჰყვეს. ისტორიული პროცესები როგორ აისახება ეკონომიკურ პროცესებზე, გეოგრაფიას როცა ვასწავლით, ვთქვათ, სამოქალაქოში მსჯელობის თემა იყო გარემოს დაბინძურება, მდგრადი განვითარება და შედეგების ანალიზი.

  • როცა არ მიჰყვება თემები ერთმანეთს, თქვენ გაქვთ უფლება, რომ საკითხები გადაადგილოთ?

ძირითადად მიჰყვება ხოლმე თემები, თუმცა რომც არ დაემთხვეს, მასწავლებელი თავისუფალია არჩევანში. შემიძლია გადავაადგილო საკითხები, თემები.

  • მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, რომ თითოეული გაკვეთილის გეგმა უნდა გაიწეროს. თქვენ როცა 5 საგანს ასწავლით, ახერხებთ ყველა საგანში გეგმის გაწერას?

გეგმის გაწერა და ატვირთვა რომ სავალდებულო იყოს, ეს ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა და უაზრობაც, რადგან ძალიან რუტინული და შრომატევადი საქმეა.

ყოველდღიურ მონახაზს, რა თქმა უნდა, აკეთებ, მაგრამ ის, რომ საჩვენებელი გეგმები დაწერო და ატვირთო, რითაც სხვები იხელმძღვანელებენ, ეს წარმოუდგენელია. მე, პირადად, გაკვეთილების ჩატარების გარდა სკოლის დირექტორსაც ვეხმარები და ამას დამატებითი შრომა სჭირდება.

კალის სკოლა. გიორგი ტერუნაშვილი მოსწავლეებთან.

  • ბევრს საუბრობენ მოსწავლეების შეფასების სისტემის ხარვეზებზე. თქვენი აზრით, როგორ უნდა შეფასდეს ბავშვის ცოდნა?

ჩემი აზრით, ძალიან კარგია განმავითარებელი შეფასება, რომელიც მოსწავლეს იმასაც აჩვენებს, რა ხარვეზები აქვს და როგორ უნდა გამოასწოროს. ეს შეფასება ემყარება სოლოტაქსონომიას, რომელიც მოსწავლის კოგნიტურ დონეებს ამოწმებს. მაგალითად, ცოდნა რა დონეზეა, ანალიზი რა დონეზეა, ინფორმაციის მიღება, გააზრება, გამოყენება როგორ ხდება. ყოველთვის ვცდილობ ისე დავგეგმო აქტივობები, რომ ყველა ამ ეტაპებს მოიცავდეს.

თუმცა მარტო მაღალ სააზროვნო უნარებზე ვერ ავაგებთ ტესტს, რადგან თუ მოსწავლე ცოდნის დონეს ვერ აკმაყოფილებს, ის ანალიზს და შეფასებას ვერ გაგიკეთებს.

ტაქსონომია გვაძლევს შესაძლებლობას, ბავშვის ცოდნა გავზომოთ კომპლექსურად და არა ერთი კონკრეტული უნარი.

  • რას შეცვლიდით სისტემაში?

მიუხედავად იმისა, რომ ეთიკა ყველა საგანშია ჩაშლილი და ცალკე საგნად აღარ ისწავლება, ვფიქრობ, მაინც საჭიროა ნებისმიერი საგნის ინტეგრაცია სამოქალაქო ღირებულებებთან. ეს იქნება კარგი მიღწევა, თუკი ამას შეძლებს საგანმანათლებლო საზოგადოება და კიდევ,  შესაცვლელია მოსწავლეთა შეფასების სისტემა. ეს მართლაც დიდი პრობლემაა სკოლებში.

მე როცა ტესტებს ვაკეთებ, აუცილებლად ვითვალისწინებ, რომ ტესტი იყოს ობიექტური, გამჭვირვალე, ვალიდური, სანდო. მაგალითად, დავალების პირობა აუცილებლად იყოს მოსწავლისთვის კარგად გასაგები. რუბრიკა ისე უნდა იყოს აგებული ან ტესტი შედგენილი, რომ მოსწავლემ ზუსტად უნდა იცოდეს, რაში ეწერება ნიშანი და რა სჭირდება იმისთვის, რომ ხარვეზები გამოასწოროს. სამწუხაროდ, ბევრი მასწავლებელი არ იყენებს რუბრიკებს და არც ტესტებს ადგენს ამ პრინციპით, სადაც ყველა პირობა იქნება დაცული. ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ საჭიროა. მე კონსულტანტ-მასწავლებელიც ვარ და სხვა მასწავლებლების დახმარებაც მევალება, ამიტომ ჩემს სკოლაში გარკვეული შედეგები გვაქვს ამ მხრივ.

  • ღირებულებები ახსენეთ, ისიც თქვით, რომ აჭარაში მუშაობდით, მაღალმთიან სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია. ხშირია შემთხვევა, როცა აჭარლების დისკრიმინაცია ხდება მათი აღმსარებლობის გამო. ხშირად გაქვთ დისკუსია ადამიანის უფლებებზე?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რა თქმა უნდა, ისეთი დროც იყო, როცა განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა თითქმის არ ხდებოდა, შემდეგ შეიცვალა გარემოება და თითქოს დავიწყეთ განსხვავებულის მიღება, ჩავწერეთ კანონებში, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფით ცხოვრებაში ხშირად ეს მაინც გვავიწყდება და მაინც ვაწყდებით განსხვავებული ადამიანების სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციას.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებებს მასწავლებელიც პატივს სცემდეს და ბავშვებს ასწავლიდეს. მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანი როლმოდელია ბავშვისთვის, მისგან ბევრს იღებენ მოსწავლეები, ამიტომ რას ასწავლის და როგორი დამოკიდებულება აქვს პედაგოგს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სოციალური განვითარების ყველაზე მაღალი დონე ინკლუზიაა. ეს გულისხმობს იმას, რომ განსხვავებულობა ფორმალურად კი არ უნდა აღიარო, არამედ რეალურად უნდა ჩართო საზოგადოების ნაწილი ქვეყნის ცხოვრებაში და მიიღო თანასწორად.

ღირებულებების თემაზე ბევრს ვმუშაობ ხოლმე. ხშირად ვაჩვენებ ბავშვებს ფილმებს და ვმსჯელობთ. ერთხელ ვაჩვენე ფილმი ბავშვების ტრეფიკინგზე, ჩაგვრაზე და იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტები რეალურად მჩაგვრელები არიან და ამის რომანტიზება რომ არ უნდა მოხდეს. ხშირად ვესაუბრები და ვცდილობ კონკრეტული მაგალითებით დავანახო ტოლერანტობის სიკეთე და სიქველე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჯანსაღი სამოქალაქო ღირებულებები ჰქონდეთ.

  • თუმცა არის მოსაზრება, რომ სკოლებში ნაციონალიზმს უფრო ასწავლიან, ვიდრე ტოლერანტობის სიკეთეს.

ეროვნულობა და პატრიოტიზმი, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, თუმცა გლობალიზაციის ეპოქაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ვერ გავექცევით. მაშინ ბევრი სიკეთის გარეშე დავრჩებით. სწორი მიდგომის შემთხვევაში კი, ჩვენი ეროვნული ფასეულობების ინტეგრირებას მოვახდენთ.

  • როგორი სოფელია კალა, მასზეც მოგვიყევით.

კალას თემი რამდენიმე პატარა სოფლად იყოფა. კალაში საშუალო სკოლაა, თუმცა წელს პირველი, მეშვიდე და მეცხრე კლასები არ გვყავდა. შარშან ერთი ოჯახი გადმოვიდა თბილისიდან და 4 მოსწავლე შეგვემატა.

სოფელი ძალიან ლამაზია არა მარტო გეოგრაფიულად, ადამიანებიც საოცრად კარგები არიან. რაც სვანებზე ანეკდოტები მსმენია, ყველაფერი ტყუილი ყოფილა, იმდენად შეგნებული და დახვეწილი ხალხია. ძალიან მაღალი სოციალური შეგნებით გამოირჩევა ეს ხალხი.

მოსწავლეებთან ერთად სოფელ კალაში.

  • გაგიჭირდათ პანდემიაში სწავლა?

წელს არ ჩავკეტილვართ, წინა წელს იყო სირთულეები, რადგან სანამ ალღოს ავუღებდით ციფრულ პლატფორმებს, მარტი-აპრილი გავიდა. წელს დიაგნოსტიკური ტესტები ჩავატარეთ და არ იყო საგანგაშო მდგომარეობა.

გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს, ახალი, უნიკალური საბავშვო წიგნებით. სკოლაში მხოლოდ ერთი კომპიუტერია და ისიც დირექტორის კაბინეტში. თუმცა, მოსწავლეებს ჩემი კომპიუტერის გამოყენების უფლებას ვაძლევ, ზოგს თავისი აქვს. რაღაც ვიზუალური რესურსები გვაქვს გეოგრაფიაში, ისტორიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესია მეტი რომ გვქონდეს.

ბევრი ამბობს, რომ არ გაამართლა დისტანციურმა სწავლებამ, რადგან მასწავლებლის და ბავშვისთვის ემოცია, განწყობა პირდაპირ უკეთ აღიქმება. ზოგადად, ცნობილია, რომ ადამიანი ვერბალურად გადმოცემული ინფორმაციის მხოლოდ 7 პროცენტს აღიქვამს, დანარჩენს კი ჟესტებით, ტემბრით, ემოციით და ასე შემდეგ. როცა პირისპირ ხვდები მოსწავლეს, ცხადია, უფრო მეტი ემოცია გაქვს და უფრო მეტ ინტერესს იწვევს მასში.

ჩემი მიზანია ბავშვებს შემოქმედებითობა ვასწავლო, რადგან ეს არ არის მხოლოდ განსაკუთრებულ ნიჭზე დამოკიდებული. შემოქმედებითობა დასწავლადია. ამისთვის აქტიურად ვიყენებ მორფოლოგიურ მატრიცას, გონებრივი იერიშის სხვადასხვა ვარიაციას და ძალიან ხალისით ასრულებენ ხოლმე ასეთ დავალებებს ბავშვები. გარდა ამისა, მინდა ბავშვებს ისტორია ვასწავლო იმისთვის, რომ მომავლის პროგნოზირება შეძლონ. სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბდეთ და სწორად განსაზღვრონ პოლიტიკურ მოვლენაში რა არის პოზიტიური ან ნეგატიური და რატომ.

  • სკოლის გარე აქტივობებიც გაქვთ ალბათ არა?

სოციალურ პროექტებში მთელი თემი გვყავს ჩართული, პრეზენტაციებსაც კი ესწრებიან ხოლმე. ალკოჰოლის, თამბაქოს მავნებლობაზე, თვითმმართველობის საკითხებზე როცა ვმართავთ პრეზენტაციებს, უფროსებიც მოდიან.

ბავშვები მოსახლეობას მათი უფლებების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, თუ რა უნდა მოითხოვონ ადგილობრივი თვითმმართველობისგან, რესპონდენტებადაც ჰყავთ ხოლმე უფროსები, როცა რაოდენობრივ ან თვისობრივ კვლევებს ატარებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com