მთავარი,სიახლეები

„კოფეს სმის“ ტრადიციას პანდემიამ ვერაფერი დააკლო – რეპორტაჟი წონიარისიდან

18.05.2021 • 6721
„კოფეს სმის“ ტრადიციას პანდემიამ ვერაფერი დააკლო – რეპორტაჟი წონიარისიდან

ქედაში, სოფელ წონიარისში, დაახლოებით 80-85 ოჯახი ცხოვრობს. აქ მოსახვედრად მთავარი გზატკეცილიდან მარჯვნივ, რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიაროთ.

სოფელში შუადღის ხვატში შევდივართ, როცა ყველა სახლსაა შეფარებული. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა ჟურნალისტებთან საუბარზე თავს იკავებს, ზოგი ვირუსის გავრცელების საფრთხეს იმიზეზებს, ზოგსაც – უბრალოდ საუბარი არ სურს.

ვლადიმერ და ნინო ბოლქვაძეები ამ მხრივ გამონაკლისები არიან. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ პანდემიის გამო წელიწადზე მეტია და-ძმებიც კი არ უნახავთ. ნინო 63 წლისაა, ვლადიმერ ბოლქვაძე – 70-ის. ჭიშკართან პირბადით გვხვდებიან.

ვლადიმერი შეწუხებული ჩანს:

„ქრონიკული დაავადებები მაქვს, გულის სტენტირების ოპერაცია გავიკეთე, წნევა მაწუხებს. ავად ვხდები ხოლმე. მოვიწამლე პანდემიაში ღამით და დამჭირდა დამერეკა პოლიციისთვის, გადაადგილებას ვაპირებ-მეთქი. არ არის პრობლემაო, მაგრამ დრო ხომ დაიხარჯა? ჩავედით ქედაში, მერე იქიდან ბათუმში და ასე.

ცოლ-ქმარი ვლადიმერ და ნინო ბოლქვაძეები

ზოგმა ლამაზად გადაიტანა ეს კორონა სოფელში. ერთ კაცს 2 შვილი გარდაეცვალა, 55, 60 წლის შვილები, ორივე ქალი იყო. ერთი ქედაში ცხოვრობდა, ერთი – ბათუმში. ამ კაცს ადრე ბიჭიც გარდაეცვალა“ – გვიყვება ვლადიმერ ბოლქვაძე.

ვლადიმერი ახლა ანალიზების პასუხს და ექიმის რჩევას ელოდება, შეძლებს თუ ვერა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას.

„კაფე-ბარები და რესტორნები ჩვენ აქ არ გვაქვს რომ დაგვიკეტონ და ვიწუწუნოთ, ოჯახებიც მოშორებით ვცხოვრობთ, იშვიათად დავდივართ ერთმანეთთან და პირბადეც არ გვჭირდება, ერთი ესაა, რომ საქეიფოდ აღარ დავდივართ ერთმანეთთან. ქალაქში უფრო რთულადაა საქმე“ – გვეუბნება ვლადიმერ ბოლქვაძე.

ვლადიმერის მეუღლე, ნინო ბოლქვაძე სოფლის პანდემიამდელ ცხოვრებას იხსენებს. ამბობს, რომ ოჯახები ერთმანეთთან დღეში სამჯერაც გადადიოდნენ, ხან ერთმანეთის დასახმარებლად, ხანაც – მოსასვენებლად და დღის დასასრულს სალაპარაკოდ.

წელიწადზე მეტია ეს ყველაფერი შეიცვალა.

თუმცა არის ერთი დაურღვეველი რიტუალი – „კოფის სმა“, რის გარეშეც აჭარის სოფელში ცხოვრება წარმოუდგენელია. თუ აქამდე „კოფეზე“ შინ სტუმრობდნენ ერთმანეთს მეზობლები, ახლა ბაღჩაში მიირთმევენ ერთად ყავას, ღია ცის ქვეშ.

ფანჩატური ბოლქვაძეების ეზოში

„მისვლა- მოსვლა, დაბადების დღეები, ქორწილები არაა, აღარც შეკრებები და ლაპარაკი. ერთი „კოფეა“, მაგის გარეშე არ ვართ. ყველას აქვს სოფელში ფანჩატური და მაგიდა ბაღჩაში. ავადუღებთ და ასე ღია ცის ქვეშ მაინც ვსვამთ ერთად. „კოფე“ მაინც ყველასთვისაა.

ქალაქში და-ძმები გვყავს, ჩვენც გვაქვს ქალაქში მიწა, მაგრამ ცხოვრებას სამუდამოდ სოფელში ვაპირებთ. აქ სუფთა ჰაერია, შვილიშვილები პატარები არიან და ნატურალური პროდუქტებით ვკვებავთ“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ბოლქვაძეებს 8 კილომეტრიდან ჰყავთ გამოყვანილი წყაროს წყალი, რომელიც ისე ცივია, რომ რომ ცხელ ზაფხულშიც კი მაცივარში შედგმა არ სჭირდება. მოჰყავთ თამბაქო, თხილი, თესავენ კარტოფილს, აქვთ ბაღჩა და ვენახი. ბოლქვაძეები ამბობენ, რომ მათი დიდი ოჯახისთვის ეს საკმარისია.

„მიწას ბევრი შრომა სჭირდება. ცოტა თხილი მაქვს, ცოტა თამბაქო და კარტოფილი, ამათ ცოტ-ცოტა ფული კი მოაქვთ, იქ მერე პენსია წამოგვეწევა და ვართ ასე. თუ ჯანმრთელი ხარ და შრომა შეგიძლია, სოფელში იცხოვრებ ნორმალურად. თამბაქოს ბევრი შრომა კი სჭირდება, მაგრამ კარგი ფასიც აქვს“ – გვეუბნება ვლადიმერ ბოლქვაძე.

იგი გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას, რომ პანდემიაში ადამიანებმა მიწის და სოფლის ფასი გაიგეს. ხულოს სოფელ ჩაოში ვლადიმერს ნათესავები ჰყავს, სოფელ პირველ მაისშიც, საიდანაც უყვებიან, რომ ისეთი ხალხი დაბრუნდა სოფელში და დაიწყო ხვნა-თესვა, 15-20 წელი რომ არავის არ უნახავს სოფელში ჩამოსულიო.

ბოლქვაძეების ნალია და თხილის პლანტაცია

ვლადიმერი გვეუბნება, რომ სოფლიდან დიდი ხნის წინ წასული და დაბრუნებული რამდენიმე მოსახლე წონიარისშიცაა:

„იყო აქაც გატყევებული ადგილები, პატრონიც რომ აღარ ვიცოდით ვინ იყო, ისეთი. ჩამოვიდნენ პანდემიაში, გაკაფეს ნაკვეთები, სიმინდი და თამბაქო დათესეს ისეთი, გაგიხარდება“ – ამბობს ვლადიმერი.

მისი მეუღლე ნინო ბოლქვაძე სოფელ მერისიდანაა, ისიც მსგავს ამბავს ჰყვება:

„ადგილები ვიცი მერისში, საქონელს ვერ გაუშვებდი შიშით საძოვრად ისეთი დაფერდებული და ფეხმოუკიდებელი, თანაც შორს. ახლა გავიგე, რომ გაყიდულა ეს ადგილები, პანდემიაში“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

სოფელ წონიარისში ცხოვრობს 77 წლის ილია ტაკიძეც მას გზად მაშინ შევხვდით, როცა სახლის წინ მიწას მოტობლოკით ამუშავებდა სიმინდის დასათესად.

დიდ, ორსართულიან სახლში, რომელიც მან წლების წინ საკუთარი ხელით ააშენა და ოდესღაც 14 ადამიანი ერთად ცხოვრობდა, ახლა ილია მარტო ცხოვრობს. 5 შვილი ჰყავს, ყველა სხვაგან ცხოვრობს. მამას ხშირად აკითხავენ, მაგრამ ახლა მარტოა.

„პანდემია სოფელში? გესმით აქ ვინმეს ხმა? ასე მიყრუებულია სოფელი. ერთადერთი, რასაც ფასი აქვს, თამბაქოა. ამასაც თუ დაუგდეს ფასი, მერე აქაურობა სულ დაიცლება.

მე? მე სულ მარტოც რომ დავრჩე ამ სახლში, აქაურობას არ დავტოვებ. 5 შვილი მყავს და ყველა სიხარულით მიმიღებს, მაგრამ სად წავიდე, ჩემი ნაშრომი და ჩემი ახალგაზრდობა აქაა.

ერთი ასაკოვანი გახდა აქ, ჩვენთან, სოფელში ავად კორონავირუსისგან, თბილისში წაიყვანეს და იქ გადარჩა, ახლა კარგადაა. ჯერ სოფელს უნდა მოვუარო, მერე აცრას მივხედავ. არ ვიცი, გავიკეთო?! კაციშვილს ვერ ვხედავ ისე აქ და საიდან რა უნდა გადამედოს?“ – ამბობს ილია ტაკიძე.

ილია ტაკიძე სოფელ წონიარისიდან

როგორც გვიყვება, ამ სახლში იზოლირებულები იყვნენ პანდემიის პირველი ტალღის დროს გერმანიიდან ჩამოსული მისი შვილიშვილები.

ილია გვეუბნება, რომ მოტობლოკი საკუთარი სახსრებით იყიდა. ასე საქმე უადვილდება, მოტობლოკი კიდეც ხნავს და სხვა სამუშაოებსაც ასრულებს, მაგრამ, როგორც ამბობს, რთული გამოსაყენებელიცაა, რადგან დიდი ენერგია სჭირდება.

„ამას არიგებდნენ კიდეც სოფელში, მაგრამ ის 900-ლარიანი იყო. ეს ცოტა უკეთესია, იტალიურია და იაპონური ძრავა აქვს, ჩვენით ვიყიდეთ, 1300 ლარი გადავიხადეთ“.

„აქ მარტო არ გბეზრდებათ? – ვეკითხებით ილიას.

„შვილებმა მითხრეს, კორონაა და აქ იყავიო, ჰოდა ვარ“ – ამბობს 77 წლის ილია ტაკიძე და სიმინდის დასათესი ნაკვეთის დამუშავებას აგრძელებს.

ქედის მერის წარმომადგენელი სოფელ წონიარისში,  ამირან წულუკიძე გვეუბნება, რომ თემში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები იყო და ახლა აქ ბაგა-ბაღების, სკოლის მასწავლებლების ვაქცინაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, წონიარისში აცრის მსურველი ბევრია, მაგრამ ყველა მსურველისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი ჯერ არაა.

ამირან წულუკიძეც გვიდასტურებს, რომ პანდემიის პირობებში სოფელში რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა.

„შარშან თუ წონიარისში 20 ჰექტარი მიწა დამუშავდა, წელს ეს ციფრი 30 ჰექტრამდეა გაზრდილი. შესაბამისად, ველით მეტ მოსავალს“ – ამბობს სოფლის რწმუნებული.

მზია მუშამბაძეც წონიარისის მკვიდრია, ის სოფლის სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელია. მზია იხსენებს, რომ შარშან, 2020 წლის სექტემბერში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მათთანაც დაიხურა სკოლა პანდემიის დაწყებისთანავე. ამ დროს მას პირველი კლასი ჰყავდა. კლასებში პატარები მხოლოდ 5 თვის შემდეგ –  2020 წლის თებერვლიდან დაბრუნდნენ:

„ჩემთვის, როგორც დაწყებითი კლასის მასწავლებლისთვის ორმაგად რთული იყო პანდემიის გამო დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლა. მაღალკლასელებმა იციან კომპიუტერული პროგრამები და მარტივად დააყენეს პლატფორმა, გამართეს ტექნიკურად. მე დამჭირდა ცალკე მშობლებისთვის მესწავლებინა ათასი რამ, რა როგორ დაეყენებინათ, რა როგორ გაემართათ და ცალკე მოსწავლეებს ვუხსნიდი ამას“ – ამბობს მზია მუშამბაძე.

მზია მუშამბაძე, სოფელ წონიარისის მკვიდრი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

მისივე თქმით, კლასებში სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ძალიან გაუჭირდათ წერა და დღემდე მუშაობს კალიგრაფიული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

როგორც მზია მუშამბაძე გვეუბნება, წონიარისის სკოლაში კორონავირუსი არავის დადასტურებია.

„მგონია, რომ დაგვეხმარა მკაცრი წესრიგი და წესების ზედმიწევნით დაცვა, ასევე შარშანწინ USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩვენს სკოლაში მოწესრიგდა და გარემონტდა ძალიან კარგად სველი წერტილები, ესეც ძალიან დაგვეხმარა“ – ამბობს მასწავლებელი.

გადაბეჭდვის წესი