მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტი რურუას შეწყალებაზე: მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყვეტილება

19.04.2021 • 1119
პრეზიდენტი რურუას შეწყალებაზე: მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყვეტილება

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყევტილებას ვღებულობ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა უნდა გაუხსნას იმას, რომ ყოველგავრი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს,“ – განაცხადა დღეს, 19 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე.

პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების აქტს მას შემდეგ მოაწერს ხელს, როცა პოლიტიკური ოპოზიცია პარლამენტში შევა, ხოლო ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლები იტყვიან, რომ საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

„ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების დისკრეცია არაა მოლაპარაკების საგანი, ის არ ექვედმებარება მითითებებს ეს იქნება ოპოზიციისგან თუ მმმართველი პარტისგან…“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის სტაბილურობის მიზნით იღებს.

—————————–

გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას 4 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვების დასრულებამდე დაცვის მხარემ გიორგი რურუას პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არც ერთხელ არ დააკმაყოფილა.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გიორგი რურუას დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: