სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, თავისი შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიას ითხოვს გრძელვადიანი იჯარით, არანაკლებ 15 წლით.
შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და შესაბამისი განკარგულების პროექტიც მოამზადეს.
ამ პროექტის განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს „ბათუმი თაუერის“ განცხადება.
„ლე მერიდიანთან“ ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის გამოყენების და პლაჟის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 15 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაეცეს ზღვისპირა პარკის ნაკვეთებიდან 3380.0 კვ.მ.“
საკრებულოს თანხმობის შემდეგ მერია ამ ტერიტორიას კომპანიას პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე გადასცემს. განკარგულების პროექტის მიხედვით, ყოველი წლის ზაფხულის სეზონზე, 4 თვის საიჯარო ქირის სახით, კომპანიამ 76 615 ლარი უნდა გადაიხადოს.
კომპანიამ მერიას მისწერა ასევე, რომ აპირებს მაღალი კლასის პლაჟის მოწყობას. შესაბამისად, გადაცემულ ტერიტორიაზე განათავსებს მხოლოდ საპლაჟო ინფრასტრუქტურას, ასევე უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის მოვლა-პატრონობას. კომპანია ასევე ჰპირდება მერიას, რომ სივრცე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვის.
ბათუმში არსებული პრაქტიკის მიხედვით, საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას კომპანიები ქონების მიღებიდან მალევე ივიწყებენ: ბათუმში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა პლაჟის გასხვისებულ მონაკვეთზე დამსვენებელს, ვინც მოიჯარე კომპანიის სერვისით არ სარგებლობს, არათუ პლაჟზე წამოწოლის უფლებას არ აძლევენ, არამედ შეურაცხყოფენ კიდეც.
იყო შემთხვევა, როცა მსგავსი პრობლემის გამო პლაჟზე პოლიციაც კი გამოიძახეს. ბათუმში ახსოვთ იჯარით გაცემული პლაჟიდან პარლამენტის წევრის გაძევების ხმაურიანი სკანდალიც კი. ეს ფაქტი იმ დროს მოქმედმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ შეაფასა, როგორც „ღირსების შემლახავი მოპყრობა“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე თვალი უჭირავს შპს „ამბასადორ ბათუმსაც“, რომელიც სასტუმრო „ლე მერიდიანის“ წინ, ბულვარის მხარეს, ასევე სასტუმროს და გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს.
აჯობებს თუ არა შპს „ბათუმი თაუერი“ „ამბასადორს“, ეს საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდება. ამ ეტაპზე საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, რადგან განკარგულების პროექტი უკვე განიხილა საკრებულოს ბიურომ და სხდომაზე დასამტკიცებლად დღის წესრიგში ჩასვა.