მთავარი,სიახლეები

დამირეკეს მამა ცოცხალ-მკვდარია კლინიკაშიო, გამოვვარდი სახლიდან და დამაჯარიმეს – შშმ პირი

16.03.2021
დამირეკეს მამა ცოცხალ-მკვდარია კლინიკაშიო, გამოვვარდი სახლიდან და დამაჯარიმეს – შშმ პირი

„დამირეკეს თუ არა, მამაშენი ცოცხალ-მკვდარი დავტოვეთ საავადმყოფოშიო, გამოვვარდი სახლიდან, უკვე ღამის 10 საათი იქნებოდა…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამაზ ფუნდუკიდი, რომელიც 15 მარტს პოლიციელებმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. თამაზ ფუნდუკიდი ქობულეთში, სოფელ დაგვაში ცხოვრობს.

„მამაჩემი 80 წლისაა და ხშირად ავადმყოფობს. ის ჩემს ახლობელთან მყავდა დატოვებული ქალაქში,“ – გვიყვება თამაზ ფუნდუკიდი, „ღამით დამირეკა ახლობელმა, სასწრაფომ წაიყვანა მამა, ძალიან ცუდად იყოო… ფეხით წამოვედი სოფლიდან, ვფიქრობდი, ოღონდაც ცოცხალს ჩავუსწრო და ჩავხედო თვალებში მამას-მეთქი, ორი საათი ვიარე, კლინიკას ვუახლოვდებოდი, როცა პოლიციამ გამაჩერა“.

თამაზ ფუნდუკიდის თქმით, მან პოლიციის თანამშრომელს, თემურ ზოიძეს აუხსნა მისი მდგომარეობა, რის შემდეგაც პოლიციელმა კლინიკაში ინფორმაცია ტელეფონით გადაამოწმა.

„ჩამსვა მანქანაში, ვიფიქრე, მიმიყვანს კლინიკაში-მეთქი და პოლიციის განყოფილებაში წამიყვანა. პოლიციაში შემიყვანეს, ფურცელი მომაწოდეს და მითხრეს, ამას მოაწერე ხელიო – ჯარიმა იყო 2-ათასლარიანი.

ვუთხარი პოლიციელებს, რომ მამა მიკვდებოდა, რომ ვერც კი გავიხსენე, რა ნომერზე უნდა დამერეკა, როცა სახლიდან გამოვედი… პოლიციელს ვუთხარი ისიც, რომ პენსიონერი ვარ, ფსიქიკური დაავადების გამო პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ, რომ წამლებით ვდგავარ ფეხზე…“- გვიყვება თამაზ ფუნდუკიდი. მან საჯარიმო ქვითარი გვაჩვენა და შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობაც.

თამაზ ფუნდუკიდის თქმით, პოლიციელმა დაჯარიმების შემდეგ იგი კლინიკაში ავტომანქანით მიიყვანა.

„საავადმყოფოს დაცვის ბიჭებს უთხრა, დილის ხუთ საათამდე არ გაუშვათო და წავიდა. დაცვის ბიჭები დამეხმარნენ და მამა მანახეს. ექიმებმა თქვეს, აპარატზეა შეერთებული და სძინავსო. ვითხოვე და ამიშვეს მასთან, ხელით როცა შევეხე, მამამ თვალები გაახილა და გაოცებულმა შემომხედა, აქ საიდანო და მერე ისევ ჩაიძინა… მამა ახლაც აპარატზეა შეერთებული… მე დილის ხუთ საათამდე დაცვის ბიჭებთან ერთად ვიყავი, სკამზე დამჯდარს დამათენდა და მერე წამოვედი სახლში,“ –  გვიყვება თამაზი.

თამაზ ფუნდუკიდის თქმით, მისი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა: დედ-მამის და მისი.

„ჩემთან ერთადაა ჩემი 10 წლის შვილიც, მეუღლეს დავშორდი,“ – გვითხრა თამაზ ფუნდუკიდმა.

იგი პოლიციის მიერ გუშინ გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს. მას სამართლებრივად საია დაეხმარება.

საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის თქმით, ამ დრომდე კომენდანტის საათის დროს ათობით დაჯარიმებულმა გაასაჩივრა ჯარიმა, თუმცა პოლიციის სამმართველოს ამ დრომდე არც ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებია. პოლიციის უარის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია საჩივრით სასამართლოს მიმართოს, თუმცა ამ დრომდე კომენდანტის საათის ჯარიმების საქმეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ განუხილავს. სასამართლო ვადებში შეზღუდული არ არის, ამ დროს მოქალაქეს შეჩერებული აქვს ჯარიმის გადახდის ვალდებულება.

მედიაში რამდენიმე თანამდებობის პირის შესახებ გავრცელდა ვიდეო, როცა ისინი სავარაუდოდ კომენდანტის საათს, ან პანდემიის დროს დაწესებულ რეგულაციას არღვევენ. ბოლო ასეთი შემთხვევა პარლამენტის წევრს – ანზორ ბოლქვაძეს უკავშირდება, რომლის სასტუმროშიც წვეულება გაიმართა, თუმცა ბოლქვაძე ამბობს, რომ ვიდეომასალა გასულ წელსაა გადაღებული.

„ბათუმელებს“ ამ და სხვა შემთხვევებზე შრომის ინსპექციამ არ მიაწოდა ინფორმაცია, დადგინდა თუ არა სამართალდარღვევა და რა სანქციები გატარდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: