მთავარი,სიახლეები

ვის მიჰყიდა მთავრობამ 1 ლარად მიწა ზღვასთან, რომელიც 1.5 მილიონადაა შეფასებული

15.03.2021 • 2700
ვის მიჰყიდა მთავრობამ 1 ლარად მიწა ზღვასთან, რომელიც 1.5 მილიონადაა შეფასებული

სახელმწიფომ ბათუმში მილიონ-ნახევრად შეფასებული ქონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გაყიდა. 7138 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ტბეთის ქუჩაზე #5-ში ინვესტიციის განხორციელების პირობით გაასხვისეს. მთავრობა ინვესტორს – შპს „აიკონ ჯგუფს“ ამჯერად არც ასნომრიანი სასტუმროს აშენებას სთხოვს და არც მრავალფუნქციურ ტურისტულ კომპლექსს.

მწვანედ მონიშნულია გასხვისებული მიწის ნაკვეთი

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განკარგულებით, შპს „აიკონ ჯგუფს“ მიწის ნაკვეთი ბათუმში, ტბეთის #5-ში „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, ტექსტილის საწარმოს მშენებლობისთვის გადაეცა.

განკარგულების მიხედვით, კომპანიამ საპრივატიზებო თანხა – 1 ლარი ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია ამ მიწის ნაკვეთზე ტექსტილის საწარმო ორ წელში შექმნას და 6 მილიონ 195 784 ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელოს. იმავე დოკუმენტის თანახმად, მფლობელი ვალდებულია შენობას პროფილი მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. ეს კი ირიბად იმასაც ნიშნავს, რომ ხუთი წლის შემდეგ კომპანიას შეეძლება ტექსტილის საწარმო ზღვასთან ახლოს სასტუმროდ გააკეთოს.

მიწის ნაკვეთი რომ მილიონ-ნახევრადაა შეფასებული აუდიტის მიერ, ამის შესახებ გამოქვეყნებული იყო „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდზე.

მიწის ნაკვეთი ბათუმის ხელოვნების ცენტრთან ახლოსაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, კომპანიას პროექტის შეთანხმება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთანაც მოუწევს.

შპს „აიკონ ჯგუფი“ საქართველოში 2008 წელსაა დაფუძნებული და კომპანიის ასევე პროცენტს თურქეთში დაფუძნებული კომპანია „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთი“ ფლობს. კომპანიის დირექტორები არიან გია ლომინაძე და დავით ჯაიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: