მთავარი,სიახლეები

ვინ იყო იან კარსკი, რომელიც ვარშავის გეტოს საშინელებებზე მსოფლიოს მოუყვა

23.01.2021 •
ვინ იყო იან კარსკი, რომელიც ვარშავის გეტოს საშინელებებზე მსოფლიოს მოუყვა

ავტორი: მაკა ხუციშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი

__

ის არც ბიზნესმენი იყო და არც დიდი მაგნატი, ის იყო მაღალი რანგის დიპლომატი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველად აუწყა მსოფლიოს ის საშინელებები, რაც ხდებოდა ვარშავის გეტოში ნაცისტების მიერ დატუსაღებული უამრავი ადამიანის წინააღმდეგ.

ეს არის იან კარსკი. ამ ადამიანს ვარშავის უნივერსიტეტში სპეციალური სალექციო კურსი ეძღვნება, რომელსაც პროფესორი ანჟეი ჟბიკოვსკი მიკითხავდა.

იან რომუალდ კოზიელევსკი (იან კარსკი ფსევდონიმია) დაიბადა 1914 წელს ლოძში. 1935 წელს დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტი იურიდიული და დიპლომატიური მიმართულებით. სწავლობდა ვოლინის სარეზერვო ოფიცერთა სკოლაში.

იან კარსკის საქმიანობა დაკავშირებულია პოლონეთის მიწიშქვეშა სახელმწიფოსთან (1939-1945), რომელიც მოქმედებდა პოლონეთში ნაცისტებისა და საბჭოელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ექვემდებარებოდა პოლონეთის მთავრობას დევნილობაში, ჯერ პარიზში, შემდეგ ლონდონში.

იან კარსკი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. საუბრობდა რამდენიმე ენაზე. ომის დაწყების შემდეგ დაიწყო კონსპირაციული საქმიანობა. მას მიენდო პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს პოლიტიკური კურიერის მოვალეობები. ის მისიით გაემგზავრა პოლონეთის ემიგრციულ მთავრობასთან საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში და დიდი წვლილი შეიტანა ოკუპირებულ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის – პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს სტრუქტურულ და ფუნქციონალურ მშენებლობაში.

მაშინ, როცა იან კარსკიმ წამოიწყო მისია ებრაელების გადასარჩენად, ჰიტლერს უკვე მოწვეული ჰქნდა კონფერენცია ვანზეეში ებრაელების საბოლოო საკითხის გადასაჭრელად მთელს ევროპაში.

1942 წლის აგვისტოში იან კარსკი შეხვდა ლეონ ფეინერს, საერთო ებრაული მუშათა კავშირის წარმომადგენელს და მენაჰემ კირშენბაუმს, სიონისტური მოძრაობის დელეგატს. მათ კარსკის შესთავაზეს ვარშავის გეტოში შესვლა, რათა საკუთარი თვალით ენახა იქ არსებული მდგომარეობა.

იან კარსკიმ ორჯერ მოახერხა შესვლა ვარშავის გეტოში, სადაც დაინახა საშინელებები: შიმშილი, დაავადება, სიკვდილი, ნაცისტების მოპყრობა ებრაელების მიმართ.

ვარშავის გეტოში მეორედ შესვლის შემდეგ, ებრაულ მუშათა კავშირმა იან კარსკის შესთავაზა იზბიცას ტრანზიტულ გეტოში და ბელჟეცის ბანაკში შესვლა. უკრაინელები, ლატვიელები და ესტონელები იყვნენ მცველები ნაცისტურ ბანაკებში. გეგმის მიხედვით, იან კარსკი ბანაკში უნდა შესულიყო უკრაინული მცველის ფორმაში. როგორც „უკრაინელმა მცველმა“ აქაც არაადამიანური მოპყრობის მორიგი საშინელება ნახა – ებრაელების ჩატვირთვა ვაგონებში სიკვდილისაკენ – იზბიცადან ბელჟეცში ან სობიბორში.

მან დაწერა მოხსენებები, რომლებშიც აღწერდა შექმნილ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებას ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთის მეორე რესპუბლიკაში.

პირველი მოხსენების სათაური იყო – „ებრაული საკითხი პოლონეთში ოკუპაციის ქვეშ“. მეორე მოხსენება კი მოკავშირეებისა და პოლონეთის ემიგრაციაში მყოფი მთავრობისთვის მოამზადა. იან კარსკის მოხსენებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს დასავლური საზოგადოების ინფორმირებაში ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე ჰოლოკოსტის შესახებ.

1942 წლის შემოდგომაზე იან კარსკი ჩავიდა ლონდონში. მან ინფორმაცია გადასცა ვარშავის გეტოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პოლონეთის დევნილ მთავრობას და გენერალ შიკორსკის, ასევე საქმის კურში ჩააყენა დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

1943 წლის მაისში იან კარსკი პროპაგანდისტული მისიით გააგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან წარადგინა თავისი მოხსენება პრეზიდენტ რუზველტთან, უზენაესი სასამრთლოს მოსამართლე ფელიქს ფრანკფურტერთან, ამერიკელ და ებრაელ პოლიტიკურ მოღვაწეებთან. ყველას ამცნო იმ საშინელება, რაც ხდებოდა ებრაელების წინაარმდეგ. მას შეხვედრებზე თან ახლდა პოლონეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იან ჩიჰანოვსკი (1940-1945).

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში იან კარსკი იხსენებს შეხვედრას პრეზიდენტ რუზველტთან და ფელიქს ფრაკფურტერთან: „როცა დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტმა რუზველტმა ხელი გამომიწოდა. მე ვკითხე, ბატონო პრეზიდენტო მე ვბრუნდები პოლონეთში და ყველა მკითხვს რა გითხრა პრეზიდენტმა. მე რა პასუხი მექნება? მან მიპასუხა – გადაეცით თქვენს ხელმძღვანელებს, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, ყველა დამნაშავე დაისჯება, თქვენი ქვეყანა უფრო გადიდდება, ვიდრე აქამდე იყო. თქვენს ხალხს უთხარით, რომ აქ, ამ სახლში მათ ჰყავთ მეგობარი“.

რაც შეეხება ფრანკფურტერთან შეხვედრას, მან პირდაპირ ასე თქვა, რომ არ სჯეროდა რასაც კარსკი ყვებოდა ებრაელების შესახებ, რის გამოც პოლონეთის ელჩის საყვედურიც მიიღო, რომ კარსკი არ იტყუებოდა და ახალგაზრდა დიპლომატის უკან პოლონეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის ავტორიტეტი იდგა. ფრანკფურტერმა კი განაცხადა, რომ კი არ იტყუება ბატონი კარსკი, არამედ მას (ფრანკფურტერს) არ შეუძლია ეს ამბები დაიჯეროს, რომ ნამდვილად ეს ასე ხდება.

დასავლელი მოკავშირეების ასეთმა ინდეფერნტულმა დამოკიდებულებამ ომის შემდეგ განსაზღვრა აღმოსავლეთ ევროპის ბედი. საბოლოოდ ებრაელების ხოცვაც ომის შემდეგ დასრულდა, მანამდე კი არავინ არაფერი მოიმოქმედა. ალბათ ამიტომ უწოდებდა იან კარსკი თავის მისიას შეუსრულებელ მისიას.

ფაქტობრივად, იალტის კონფერენციაზე გამოიკვეთა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აღმოსავლეთ ევროპის ბედი. ომის დასრულების შემდეგ პოლონეთი საბჭოთა გავლენის სივრცეში მოექცა. იან კარსკი კი პოლონეთში აღარ დაბრუნებულა, ის დარჩა ამერიკაში. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი, სადაც კითხულობდა ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და კომუნიზმის თეორიაზე. მის სტუდენტებს შორის იყო აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. გარდაიცვალა 2000 წელს ვაშინგტონში.

ეს ინფორმაცია, რომ იან კარსკიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიოს ინფორმირებაში ჰოლოკოსტის შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 1978 წელს კლოდ ლანზმანთან ინტერვიუში, რომელიც მან ჩაწერა ფილმისთვის “Shoah”. 1982 წელს იად ვაშემის ინსტიტუტმა იან კარსკის მიანიჭა „ხალხთა შორის მართალის“ ტიტული.

იან კარსკი

____

27 იანვარი ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღეა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: