მთავარი,სიახლეები

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა – ცენტრის განცხადება

16.11.2020 • 1183
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა – ცენტრის განცხადება

დღეს, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს კი დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. ცენტრი ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდებს ამ განცხადებიდან.

„15 წლის წინ სახალხო დამცველის და, ერთი მხრივ, რელიგიური გაერთიანებების, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ უმცირესობათა ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა ტოლერანტობის ცენტრი, რელიგიათა საბჭო და ეროვნულ უმცირესობათა საბჭო. დღეს კი უკვე შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი და საბჭოები, ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის ყველაზე ეფექტურ მოდელად ჩამოყალიბდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ეს წლები ვიყავით თანასწორობის, თავისუფლების, ტოლერანტობის ღირებულებათა დაცვის საქმეში თანმიმდევრულები და პრინციპულები. სწორედ ამის გამო, ტოლერანტობის ცენტრისა და საბჭოების საქმიანობამ პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, დაიწყო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების მხილება, აღნუსხვა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების მოთხოვნა ასეთ შემთხვევებზე.

„შესაძლებელი გახდა რელიგიასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული კანონმდებლობის დიდი ნაწილის გაუქმება, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის ლიბერალური რეჟიმის შემოღება, სასჯელაღსრულების სისტემაში ღვთისმსახურთა დაშვების დისკრიმინაციული წესის შეცვლა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის ინიციატივისთვის ერთსულოვანი წინააღმდეგობის გაწევა, რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ სპეციალური კანონის მიღების მცდელობათა ფართო წინააღმდეგობა, სკოლებში რელიგიის ცალმხრივი, დისკრიმინაციული ხასიათის სწავლების შემოღებისთვის ხელის შეშლა.

ასევე, საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციიდან რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი 3 შეუსაბამო მუხლის ამოღება, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სისტემაში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვასთან დაკავშირებული კრიტერიუმების შეტანა და ბევრი სხვა, დიდი თუ მცირე პრობლემის გადაჭრა და თანასწორობაზე ორიენტირებული არა ერთი საკითხის წამოწევა“, – ნათქვამია ტოლერანტობის ცენტრის განცხადებაში.

ცენტრის განცხადებით, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები დაედო საფუძვლად საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას და ბოლო 15 წელიწადში განხორციელებულ მრავალ სახელმწიფო პროგრამასა და აქტივობას.

„აქვე გვსურს გულისტკვილით აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში, ჯერ კიდევ დიდი და მრავალმხრივი გამოწვევის წინაშე დგას რელიგიის თავისუფლების სრულფასოვანი დაცვა, მიუღწეველი მიზანია თანასწორუფლებიანი გარემო და შეფერხებულია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი მიმართულებებით არ არის დაძლეული სისტემური დისკრიმინაცია, იქნება ეს კანონის უზენაესობის დაცვა, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია, განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სასკოლო სივრცეში უთანასწორო გარემო, ძალადობა თუ შეუწყნარებელი, სტერეოტიპების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური განწყობები, რომლებიც უმცირესობებს სტუმრებად, უცხოებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ან სულაც ქვეყნისთვის მტრულ ძალად წარმოაჩენს. უმცირესობათა წარმომადგენლები სრულყოფილად ისევ არ არიან ჩაბმულნი ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში“.

ცენტრის განცხადებით, დღეს აუცილებელია შევახსენოთ ერთმანეთს, ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავდგეთ ერთად ადამიანის უფლებათა შელახვის, შეუწყნარებლობის, დამცირების, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

გადაბეჭდვის წესი