მთავარი,სიახლეები

„ასე უცებ არ ხდება ეს“ – ხულოს მერიის რეაქცია ვერნების კლდეში ნაპრალის გაზრდაზე

16.11.2020 • 1484
„ასე უცებ არ ხდება ეს“ – ხულოს მერიის რეაქცია ვერნების კლდეში ნაპრალის გაზრდაზე

„არავინ იცის, როდის შეიძლება გასკდეს და წალეკოს მთელი სოფელი, ამისგან არავინაა დაზღვეული… ყურადღებას ვითხოვთ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ ვერნებში მცხოვრები ზვიად სურმანიძე. ის სოფელთან ახლოს მდებარე კლდეში ნაპრალის გაჩენას და მის გაფართოებაზე საუბრობს.

ზვიად სურმანიძის თქმით, კლდეში ნაპრალი ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე ნახა და ის წინა წელთან შედარებით მკვეთრად იყო გაზრდილი. ზვიადი ამბობს, რომ გაზაფხულზე ნაპრალთან გეოლოგები მუშაობდნენ და ამ შემოდგომაზე დასკვნაც დადეს, მაგრამ ამ დრომდე ხელისუფლებას არ გაუკეთებია ის, რაც ექსპერტებმა დასკვნაში ჩაწერეს.

„სოფელშიც გვაჩვენეს  დასკვნა, იქ წერია, რა სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ საჭიროა მუდმივი დაკვირვება და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. გვითხრეს, რომ არჩევნები როგორც კი დამთავრდება, მერე ვიზამთო, მაგრამ არავინ გამოჩენილა… არ ვიცი, არჩევნები რაში უშლიდათ ხელს,“ – გვითხრა ზვიად სურმანიძემ.

„წლების წინ აქ ტრაგედია დატრიალდა, ახლა, როცა ასეთი აქტიურია მეწყერი, ამ სოფელშიც ვგრძნობთ საშიშროებას, გეოლოგებმა იმუშავეს, მაგრამ ვერ გვითხრეს ის, რაც ჩვენ გვაინტერესებდა – არის თუ არა საშიში ცხოვრება იქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ. ვერნებში 70-მდე ოჯახი ვართ სულ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვერნებში მცხოვრები ელენე აბაშიძე.

„სპეციალისტები ჩამოვლენ, როცა დრო ექნებათ და საშუალება,“ – კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე. ის ვერც იმას ამბობს, აქამდე რატომ ვერ ჩატარდა მისივე თქმით „სიღრმისეული გამოკვლევები“.

ნადიმ ვასაძის განმარტებით, მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება კლდეში გაჩენილი ნაპრალის გამო და ეს ექსპერტიზის დასკვნაში წერია.

„იქ წერია, რომ ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობსო და მე ეს გავაცანი მოსახლეობას… სამხარაულმა მიიჩნია საჭიროდ სიღრმისეული კვლევების ჩატარება და ამისთვის უნდა ჩამოვიდნენ… ასე უცებ არ ხდება ეს,“ – აღნიშნა ნადიმ ვასაძემ.

 

მთავარი ფოტო: ნაპრალი კლდეზე, ხულო, სოფელი ვერნები / ზვიად სურმანიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: