მთავარი,სიახლეები

„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით“ – რესან კონცელიძე ხელვაჩაურის მერის სკანდალზე

14.10.2020 • 1760
„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით“ – რესან კონცელიძე ხელვაჩაურის მერის სკანდალზე

„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით… შეგკრიბავთ ყველას და გამოვხატავ ჩემს აზრს,“ – უთხრა TV25 – ის ჟურნალისტს რესან კონცელიძემ ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ შეკითხვას. რესან კონცელიძე „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. მან უარი უთხრა ჟურნალისტს, ეპასუხა ჯუმბერ ვარდმანიძის სკანდალზე.

რესან კონცელიძეს TV25-ის ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ხელვაჩაურის მერის მიერ ბათუმში უკანონო მშენებლობაზეც – ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ფეშენებელური სახლი ზღვის პირას უკანონოდ ისე ააშენა, რომ ამ დრომდე არავის დაუჯარიმებია.

Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“   სადაც, გამოყენებულია აუდიოჩანაწერი . ჩანაწერში ისმის, თუ როგორ აგინებს ხელვაჩაურის მერი ჟურნალისტს.

ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, შენიშვნის შემდეგ კი, რომ მას, როგორც არჩეულ მერს და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

შემთხვევას გამოეხმაურა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, სადაც მიიჩნევენ, რომ ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს.

გუშინ, 13 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართა სოლიდარობის აქცია, სადაც მოქალაქეებმა ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს.

ამ დრომდე აღნიშნულ თემას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. „ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: