მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ოქტომბერში შესაძლოა დღეში 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს დიდ ბრიტანეთში – მედია

21.09.2020
ოქტომბერში შესაძლოა დღეში 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს დიდ ბრიტანეთში – მედია

კორონავირუსის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორჯერ იზრდება – განაცხადა ქვეყნის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა. მისი თქმით, თუ ეს მაჩვენებელი უცვლელად გააგრძელებს ზრდას, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება დღეში 50 000 ახალი შემთხვევა, რამაც ნოემბრისთვის „შეიძლება მიგვიყვანოს 200 გარდაცვალებამდე დღიურად“, – თქვა ვალენსმა დღეს, 21 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე ლონდონში.

„თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ვირუსი ძალიან გავრცელდება“, – განაცხადა ვალენსის კოლეგამ, კრის უიტიმ, გაერთიანებული სამეფოს მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, იმავე ბრიფინგზე. მან აღნიშნა, რომ თუ კურსი არ შეიცვალა, ქვეყანა ძალიან რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

უცხოური მედია წერს, რომ მრჩეველთა კომენტარებმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ მთავრობა მეორედ გეგმავს საყოველთაო „ლოქდაუნის“ გამოცხადებას ან სხვა მკაცრი ზომების შემოღებას. CNN-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი განცხადებას მიმდინარე კვირის ბოლოს გააკეთებს.

კვირას, 20 სექტემბერს, დიდ ბრიტანეთში COVID19-ით დაინფიცირების  3899 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვალება დაფიქსირდა.

შემთხვევების ზრდამ უკვე გამოიწვია ლოკალური დაბლოკვები და საგანგებო ზომების შემოღება ქვეყნის ბევრ ნაწილში. შაბათ-კვირას მთავრობამ გამოაცხადა, რომ ინგლისში საკარანტინო და თვითიზოლაციის ზომების დარღვევისთვის პირი £10,000-ით ($12,800) დაჯარიმდება.

_______________________

მთავარ ფოტოზე: ლონდონი, 2020 წლის 19 სექტემბერი. წყარო: ksn.com

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: