მთავარი,სიახლეები

ცვლილება საკარანტინო წესებში – ახალი დადგენილება დღეს ამოქმედდა

15.09.2020 • 2232
ცვლილება საკარანტინო წესებში – ახალი დადგენილება დღეს ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული პირი 8-დღიან იზოლაციას გაივლის. შესაძლოა ეს იყოს კარანტინი ან  თვითიზოლაცია. მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება PCR ტესტირება და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებს დატოვოს საიზოლაციო სივრცე. იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს პირი ვალდებულია ჩაიტაროს PCR ტესტი განმეორებით – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის [№322] დადგენილებაში დღეიდან, 15 სექტემბრიდან, ამოქმედდა.

დადგენილების მიხედვით, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტის იზოლაციის ვადის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების უფლებამოსილი პირი. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის ან კარანტინის დღეებს დააკლდება აქ გატარებული დღეების რაოდენობა.

ამავე დადგენილების შესაბამისად, უცხოელი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში შემოვიდა, ვალდებულია სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში ჩაიტაროს PCR ტესტირება საკუთარი ხარჯებით, ტესტირების პასუხის მიღებამდე კი 24 საათით შევიდეს კარანტინში [საკუთარი ხარჯით], ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უწყების გადაწყვეტილების შესაბამისად:

  • მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა ან საკუთარი ხარჯით შევიდეს 8-დღიან კარანტინში, ხოლო საკარანტინო სივრცის დატოვებისას მე-12 დღეს ან ვირუსის რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR კვლევა.

ეს არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების ან კარანტინის გარეშე. მოგზაურები ამ ქვეყნებიდან ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას თან იქონიონ უკანასკნელი 72 სთ-ის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

იგივე წესები ვრცელდება ბინადრობის უფლების მქონე პირებზეც.

დადგენილების მიხედვით, ამ პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე 8-დღიანი კარანტინის გავლისა და უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთები.

მთავრობის გადაწყვეტილებით ეს პროცესი იმართება ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:

  • იზოლაციის მე-8 დღეს ტესტირებასდაქვემდებარებულ პირთა მონაცემების იდენტიფიცირება საკარანტინო სივრცეების მიხედვით.
  • მე-8 დღეს ტესტირებაჩატარებული პირების შესახებ მონაცემების დამუშავება საკარანტინო სივრცეების დატოვების მიზნით.
  • იმ პირთა გამოვლენა, რომელთაც მე-12 დღეს არ ჩაიტარეს ტესტირება.
  • მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: