Batumelebi | 1222 სისხლის ნიმუშიდან კორონავირუსი გადატანილი მხოლოდ ერთს ჰქონდა – გამყრელიძე ახალ კვლევაზე 1222 სისხლის ნიმუშიდან კორონავირუსი გადატანილი მხოლოდ ერთს ჰქონდა – გამყრელიძე ახალ კვლევაზე – Batumelebi
RU | GE  

1222 სისხლის ნიმუშიდან კორონავირუსი გადატანილი მხოლოდ ერთს ჰქონდა – გამყრელიძე ახალ კვლევაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ, 13 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა სეროპრევალენტობის კვლევა. სეროპრევალენტობის კვლევა იძლევა ინფორმაციას ინფექციის ცირკულირების შესახებ – თუ რამდენ ადამიანს, მოსახლეობის დაახლოებით რა პროცენტს აქვს გადატანილი ინფექცია ისე, რომ ამის შესახებ არ იცის (ძირითადად, უსიმპტომოდ).

კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომი ჩატარდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევის ფარგლებში, შემთხვევითი პრინციპით აიღეს 1 222 სისხლის ნიმუში, რომელშიც განისაზღვრა Immunoglobulin G (IgG) ანტისხეულების არსებობა.

“როცა იმუნოგლობელინ G კორონავირუსის წინააღმდეგ ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია და ამ 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი, მარტვილის რაიონში. სისხლის აღება მოხდა 17-25 აგვისტოს პერიოდში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს. ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რომლებიც ამ პერიოდამდე ქვეყანას გვაქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, სეროპრევალენტობის კვლევა უახლოეს მომავალში თბილისსა და რუსთავშიც ჩატარდება.

ამავე თემაზე:

4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყო – გამყრელიძე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან