მთავარი,სიახლეები

რომელი მოქმედი დეპუტატი აღარ იქნება „ოცნების“ ახალ სიაში აჭარიდან 

09.09.2020
რომელი მოქმედი დეპუტატი აღარ იქნება „ოცნების“ ახალ სიაში აჭარიდან 

„დიდი ალბათობით აღარ ვიქნები სიაში“, – თქვა „ბათუმელებთან“ პარლამენტის წევრმა აჭარიდან, ილია ნაკაშიძემ, როცა მას მმართველი პარტიის ახალ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ვკითხეთ. ილია ნაკაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერია. დეპუტატს ასევე ვკითხეთ მომავალ გეგმებთან დაკავშირებითაც, თუ რა სფეროში გააგრძელებს საქმიანობას, რაზეც ილია ნაკაშიძემ გვიპასუხა, რომ მისთვის „ყველა ვარიანტი მისაღებია“.

ის, რომ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაში აღარ იქნება, გარკვევით თქვა ნუკრი/ლევან ბეჟანიძემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში.

ბათუმის კიდევ ერთი მაჟორიტარი ფატი ხალვაში კი ამბობს, რომ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ხვალ ანუ 10 სექტემბერს აქვთ შეხვედრა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „დაველოდოთ, მალე იქნება სიები“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“. სავარაუდოდ, ფატი ხალვაში ამჯერად აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში იქნება, რაც დეპუტატმა პირდაპირ არ დაადასტურა.

სვეტლანა კუდბა არც უარყოფს და არც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საარჩევნო სიაში არ არის, თუმცა დასძენს, რომ თუ სიაში არ მოხვდება, ამის გამო გული არ ეტკინება. „აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი, პარლამენტის წევრი ვიყავი, ახლა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზა. რომც არ ვიყო, გული არ მეტკინება. ახალგაზრდებმა უნდა გააგრძელონ ჩვენი საქმე“, – ამბობს სვეტლანა კუდბა.

საარჩევნო სიაში არ იქნება არც ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. მან თქვა, რომ აპირებს თავის პროფესიას – ექიმობას დაუბრუნდეს. „თუ გუნდს დავჭირდები და დამიძახებენ, იქ ვიქნები“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სიაში არ იქნება კიდევ ერთი დეპუტატი, არჩილ ხაბაძეც. „საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ – სიები მალე გახდება ცნობილი“ – გვითხრა დეპუტატმა.

რაც შეეხება ბათუმის მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძეს, მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

ის, რომ პარლამენტში აჭარის დეპუტაციიდან არც ერთი არ არის „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაში, ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადეს. არხის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 40 მოქმედი დეპუტატი აღარ იქნება მმართველი პარტიის ახალ სიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: