Batumelebi | „გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“ „გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“ – Batumelebi
RU | GE  

„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“

„ქალს რა უნდა გირჩში“ – ეს კომენტარი ლალი ანთიძეს დაუწერეს, როცა ცნობილი გახდა, რომ იგი „გირჩის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი იქნებოდა. ლალი ანთიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და „ზოგადი უნარების“ ცნობილი მასწავლებელი ბათუმში. რას ფიქრობს ლალი ანთიძე მოქალაქეების ერთი ნაწილის აგრესიაზე, როცა ქალები პოლიტიკურად აქტიურდებიან და თან იმ ფონზე, როცა თავად „გირჩს“ საპარლამენტო სიის პირველ ათეულში ერთი ქალიც არ ჰყავს – „გირჩი“ გენდერულ კვოტირებას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. ლალი ანთიძეს „ბათუმელებმა“ ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ქალბატონო ლალი, ალბათ ნახეთ სოციალურ ქსელში გამოხმაურება, როცა „გირჩის“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელდით. 

მე აბსოლუტურად მესმის ამ რეაქციის, რადგან „გირჩის“ შეხედულებები მეც, პირადად, ცოტათი გვიან აღმოვაჩინე. ეს შეხედულებები აღმოვაჩინე მას შემდეგ, როცა თავად ჩამოვაყალიბე საკვირაო სკოლა და მქონდა კონკრეტული კონცეფცია. რეპეტიტორად მუშაობის წლებში მივხვდი, რა იყო გასაკეთებელი, რა სჭირდებათ ბავშვებს… როცა განვახორციელე ეს იდეა, დავინახე, რომ მართლაც სწორ გზაზე ვიდექი. შემდეგ აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით, რომ ეს შეხედულებები „გირჩს“ თავის კონცეფციაში ჰქონდა.

  • რას ითვალისწინებს თქვენეული ხედვა, რაც „გირჩის“ კონცეფციას დაემთხვა?

მაგალითად, ლიბერალური განათლების სისტემა, არ უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული გაკვეთილების მოცულობა, სკოლები უნდა იყვნენ რეგულაციებიდან თავისუფალი, გაკვეთილის პროცესში მენეჯმენტი უნდა იყოს განსხვავებული…

  • როცა რეგულაციების გაუქმებაზე საუბრობთ, არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, მშობლის მიდგომა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს აზიანებდეს? თუკი ბავშვი მხოლოდ მშობლის იმედად რჩება და მას არ დაიცას სახელმწიფო, ეს სამართლიანი იქნება? 

ბავშვი, ბუნებრივია, მშობლის მზრუნველობის ქვეშ არის. ყველა მშობელი დამეთანხმება, დღეს თუ მშობელმა მოახერხა და შვილს მისცა განათლება, თავად საზღვრავდა ამ პოლიტიკას. თუკი აზიანებს მშობელი ბავშვის ინტერესებს, აქ უკვე უნდა ჩაერიოს საზოგადოება, მაგრამ ეს ხომ ერთეული ფაქტებია? ერთეულ ფაქტებს ხომ არ უნდა გადავაყოლოთ მთლიანად სისტემა? ძირითადად მშობლებს სწორად ესმით, რა სურთ ბავშვებს.

  • საზოგადოება რა უფლებით მოსთხოვს პასუხს მშობელს, თუკი რეგულაციები სახელმწიფოს არ ექნება? 

მესმის, რომ თქვენ კონკრეტული შემთხვევებიდან გამოდიხართ. ჩვენი მიდგომა არ გულისხმობს იმას, რომ ყველანაირი რეგულაცია გამოირიცხოს, იდეა ეს არის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერც მოხდება. თუკი არსებობს მოლოდინი, რომ მშობელმა შესაძლოა დაარღვიოს ბავშვის უფლებები, ამ შემთხვევაში არსებობენ სოციალური სამსახურები, რომლებმაც ეს პრობლემა უნდა დაარეგულირონ. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რა გვინდა. ადამიანმა შესაძლოა თავისი შვილი თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მშობელს შვილი ზოგადად არ ვანდოთ?

  • ფეისბუქრეაქციას რომ დავუბრუნდეთ და აქვე რომ გვითხრათ, რამდენად მოგწონთ, როცა „გირჩს“ საპარლამენტო სიის პირველ ათეულში ქალი საერთოდ არ ჰყავს? 

რეაქცია მესმის, რადგან ფიქრობენ, რომ „გირჩი“ არის პარტია, რომელიც, მაგალითად, ნარკოტიკების დეკლარირებით არის დაკავებული. მე კი მგონია, რომ „გირჩი“ არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რეალურად როგორ დაიყვანოს მინიმუმამდე ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა. რეალურად „გირჩი“ აბსოლუტურად ჰუმანისტურ იდეებზე დგას. მე ვეპატიჟები ამ კომენტარის ავტორს, ქალბატონ მაყვალას ჩვენთან, პარტიაში… მე მგონია, რომ „გირჩს“ სჭირდება და მეც მჭირდება სწორი პოზიციონირება იმისა, თუ რა სურს „გირჩს“ და რა იდეებით შემოდის პოლიტიკაში. მართალი გითხრათ, პოლიტიკაში ჩართვა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური ვიყავი.

  • რატომ გაგიჩნდათ პოლიტიკურად გააქტიურების სურვილი ახლა? 

ამდენი ხანია, განათლების სისტემას ვებრძვი შიგნიდან, ვუტრიალებ, ვუტრიალებ, რაღაც მოდელები შევქმენი, სტუდენტები, მოსწავლეები, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ტიპის კლასტერი შევქმენი ამ კონცეფციის გარშემო, მაგრამ შიგნიდან ვერ ვერევი ამას. იქნებ ამ გზით მაინც მოხერხდეს ცვლილებების მიღწევა, რაც მე მგონია, რომ სწორია და გააკეთილშობილებს განათლების სისტემას. მე პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას თავს არ ვანებებ, ვიქნები აქტიური მასწავლებელი. მინდა, ეს პოლიტიკური ტრიბუნა გამოვიყენო, რომ ბევრი თანამოაზრე გავიჩინო.

  • გენდერულ კვოტირებაზე ეთანხმებით „გირჩის“ პოზიციას? 

ჩემთვის „გირჩს“ ან რომელიმე სხვა პარტიას რომ შემოეთავაზებინა მეოთხე ადგილი, ამას ძალიან დიდ შეურაცხყოფად აღვიქვამდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვარ სიის პირველი ნომერი. ეს ნიშნავს, რომ, უბრალოდ, იმისთვის კი არ მიმიწვიეს, რომ ქალი ვარ, არამედ აჭარაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში ორთქმავლის როლი უნდა ვითამაშო და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. „გირჩს“ გადაწყვეტილი აქვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების მთელი სია ქალებით დააკომპლექტოს და კვოტით ჩავსვამთ მამაკაცებს – სიაში ყოველი მეოთხე იქნება კაცი.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გენდერული კვოტირება ხელოვნურია. ყველას ესმის, რომ პარტიულ სიაში არსებული კანდიდატების მიმდევრობა მნიშვნელოვანია, რათა სწორად მოხდეს პარტიის შეხედულებების პოზიციონირება. სასურველია და მგონია, ძალიან კარგი იქნება, ქალი თუ შეძლებს საკუთარი პოზიციის და ადგილის ქონას და მის მანიფესტირებას, მაგრამ ეს პროცესი თავისთავად უნდა ხდებოდეს. როცა გყავს პარტიულ სიაში კონკრეტული ადამიანი, მას კონკრეტული შეხედულებები აქვს და მისი ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია. ამ დროს გეუბნებიან, რომ ქალი ჩასვი, რადგან ეს საჭიროა… ქალების როლი უნდა გაიზარდოს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ხელოვნურად არა. ვიღაცის ჩასმა პარტიულ საარჩევნო სიაში მხოლოდ გენდერული ნიშნით, ჩემთვის მიუღებელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი