მთავარი,სიახლეები

ბათუმში ფალავანდიშვილის ქუჩა – შევჩენკოდან პუშკინამდე მონაკვეთში ცალმხრივი გახდება

28.07.2020 • 2409
ბათუმში ფალავანდიშვილის ქუჩა – შევჩენკოდან პუშკინამდე მონაკვეთში ცალმხრივი გახდება

ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მონაკვეთი – პუშკინის ქუჩიდან შევჩენკოს ქუჩამდე, ცალმხრივი გახდება. შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს. დადგენილების პროექტით, ავტომობილები ამ მონაკვეთში იმოძრავებენ მხოლოდ შევჩენკოს ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

საკრებულო საკითხს 31 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. დადგენილების მიღებიდან 15 დღეში კი, ქალაქის მერიამ უნდა უზრუნველყოს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება.

თემურ ფალავანდიშვილის ქუჩა ბათუმში წერეთლის ქუჩიდან იწყება, კვეთს პუშკინის ქუჩას და შევჩენკოს ქუჩასთან მთავრდება. ამ ქუჩაზეა განთავსებული ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი [„კეთილი საქმე“ – ყოფილი 23-ე სკოლის მიმდებარედ] და არაერთი სხვა სავაჭრო ობიექტი.

ცალმხრივი მოძრაობის დაწესების საფუძველი, როგორც მერიისგან საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტებიდან ჩანს, ამ ქუჩის მცხოვრებლების კოლექტიური განცხადებაა. წერილში აღნიშნულია, რომ გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო შექმნილია გაუსაძლისი მდგომარეობა.

„გარდა იმისა, რომ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული მოვაჭრეები თავიანთ პირად მანქანებს მთელი დღით ტოვებენ, მათთან მისული კლიენტები ასევე ცდილობენ სადმე მანქანის დატოვებას და, რაც მთავარია, ახალაშენებული კორპუსის მცხოვრებლებს არ გააჩნიათ პარკირების ადგილი და ისინიც ცდილობენ სადმე გააჩერონ მანქანა. წარმოუდგენლად პატარა ქუჩაზე… საჭიროების შემთხვევაში ვერც სასწრაფო, სახანძრო და ვერც ტაქსი ვერ შემოდის“, – აღნიშნულია მოქალაქეების განცხადებაში.

წყარო: ბათუმის საკრებულო

ბათუმის მერიას მოძრაობის გაცალმხრივებაზე თანხმობა საპატრულო პოლიციამ 22 ივლისს მისცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: