მთავარი,სიახლეები

ვის შეუძლია თურქეთში წასვლა – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან თურქეთში

15.07.2020 • 9424
ვის შეუძლია თურქეთში წასვლა – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან თურქეთში

საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს შეკითხვა – როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან, სადაც საქართველოს მოქალაქეები სეზონურ თუ ყოველდღიურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საზღვრები თურქეთთან 15 მარტს ჩაიკეტა და დღემდე უცნობია, როდის აღდგება თავისუფალი მიმოსვლა თურქეთის რესპუბლიკასთან. „ბათუმელები“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავას ესაუბრა თემაზე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია დღეს საქართველოს მოქალაქეს თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა.

  • ბატონო გიორგი, ბევრი ადამიანი გვიკავშირდება კითხვით, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან, ალბათ ამ კითხვას ყველაზე ხშირად უსვამენ საქართველოს საელჩოს თურქეთში. როგორც ელჩს, რა ინფორმაცია გაქვთ საზღვრის გახსნის თარიღთან დაკავშირებით?

მართალი ბრძანდებით, ყველა გვისვამს ამ შეკითხვას, ჩვენთვისაც ძალიან რთულია, აბსოლუტურად ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების წუხილს, მათ აინტერესებთ რა მოხდება, ვინაიდან ბევრი დასაქმებულია თურქეთის რესპუბლიკაში, ფაქტია. მუშაობენ და შიშობენ, არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები, ზოგს ნაქირავები ბინა აქვს ჩაკეტილი, ეს აბსოლუტურად გასაგებია.

გიორგი ჯანჯღავა

საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სამი კატეგორიის მოქალაქეების გადასვლა მომხდარიყო. ესაა:

პირველი – მკურნალობის მიზნით, რაც გაწერილია და მინდა გითხრათ, აუცილებელია, რომ ჩვენმა მოქალაქემ საზღვარზე წარადგინოს მოწვევა თურქეთის კონკრეტული კლინიკიდან და აუცილებელია საქართველოში ფორმა 100-ის აღება, რომელშიც ჩაიწერება, რომ ამ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა თურქეთში. ეს აუცილებელია.  ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, ვისაც სჭირდება მკურნალობა თურქეთის ტერიტორიაზე, შეუძლია ამ ორი დოკუმენტის წარდგენით გადალახოს საზღვარი და ტაქსით, ავტობუსით თუ ა.შ. სამკურნალოდ თურქეთის სხვადასხვა ქალაქში.

არის მეორე კატეგორია, ვისაც შეუძლია თურქეთში შესვლა – ეს იყო ოჯახის გაერთიანების მიზნით. ჩვენი მოქალაქეები, ძირითადად ქალები, ვინც გათხოვილნი არიან, ზოგს ქმარი ელოდება, ზოგს ბავშვი, ისინი გადმოდიან თურქეთში. ამ შემთხვევაში მათ სჭირდებათ ქორწინების მოწმობა და რაც ყველაზე მთავარია – ქორწინების მოწმობის წარდგენის შემდეგ, ქართველ მებაჟეს რომ გაივლის, იქვე, ადგილზე ხდება კომუნიკაცია თურქულ მხარესთან, რადგან არის შემთხვევა, როცა დაქორწინებულია, მაგრამ მას დარღვეული აქვს თურქეთში ყოფნის რეჟიმი. თუ კი სისტემაში დაფიქსირებულია კანონდარღვევა, ეს უკვე პრობლემაა. აქ უკვე თურქეთში მყოფმა ამ პირის მეუღლემ უნდა მოამზადოს დოკუმენტები, უნდა მოხდეს მიზნობრივი მოწვევა და მიზნობრივი ვიზის აღება ბათუმში ან თბილისში საკონსულო სამსახურებში.

და არის მესამე კატეგორია – ეს არიან საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც აქვს ხელზე თურქეთში ლეგალურად ბინადრობის და მუშაობის უფლება. ისინი შეიძლება გადავიდნენ საზღვარზე.

ნელ-ნელა ალბათ დაემატება სხვა კატეგორიებიც და ეტაპობრივად მოხდება ეს ყველაფერი. ამავდროულად, დიდი იმედი გვაქვს, რომ თურქეთშიც კოვიდთან მიმდინარე სიტუაციაც დარეგულირდება და გაუმჯობესდება.

  • ანუ ვისაც მუშაობის და ცხოვრების ნებართვა აქვს, შეუძლია თურქეთში გადასვლა?

დიახ, ვისაც აქვს ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების ნებართვა. თურქეთში ჩასვლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომელთაც, საქართველოში ყოფნის დროს, როცა უკვე ჩაკეტილი იყო საზღვარი, მიმდინარე მარტის თვის მეორე ნახევრის შემდეგ ამოეწურათ თურქეთში ბინადრობის და მუშაობის უფლებები.

  • თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ საზღვარი წელს საერთოდ შეიძლება არ გაიხსნას?

ყოველ დღე, პირადად მე, მწერს რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე. მაქსიმალურად ვცდილობ ინფორმაცია მივაწოდო, ბოდიში, თუ ვინმე გამომრჩა, მაგრამ არის რაღაც, რაც ჩემს კომპეტენციას სცდება. არის კითხვები, რაზეც მე ვერ გავცემ პასუხს. იგივე, ხშირად არის კითხვები, რაზეც თურქულმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ და ასეთ დროს ვეუბნებით ადამიანს, სად უნდა დარეკონ. ასეთ რეჟიმშია მთელი საელჩო.

თუ სიტუაცია არ გამოსწორდა… ხომ ნახეთ როგორ შეიცვალა სიტუაცია იგივე ისრაელში, როგორ გამწვავდა, ასე რომ ამის ცალმხრივად გადაწყვეტა მარტივი არ არის.

  • კოვიდ პანდემიის პირობებში ყველაზე ხშირად რა პრობლემის მოგვარებაში გთხოვენ დახმარებას საქართველოს მოქალაქეები თურქეთში?

ეს რამდენიმე ნაწილად უნდა დავყოთ. მაშინ როდესაც პანდემია პიკში იყო თურქეთში, ნებართვების აღება გადასაადგილებლად, რომ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაგვებრუნებინა, იყო ურთულესი საკითხი. ჩაკეტილი იყო ქალაქები. ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობის გარეშე არავინ არ იძლეოდა ნებართვას გადაადგილებისთვის. იყო ძალიან ბევრი პრობლემა, რეგულაციები იცვლებოდა, ბევრი ადამიანი იყო უსახსროდ დარჩენილი, ვისაც დავეხმარეთ; იყო პატიმრების საკითხი, მიცვალებულების გადმოსვენების საკითხი და ა.შ.

და, რაც მთავარია, იყო მეზღვაურების თემა. ეს იყო ძალიან რთული თემა, ნებისმიერი ადამიანის შემოსვლა თურქეთში იყო პრობლემური და მათ  შორის მეზღვაურის. აუცილებელი იყო კარანტინის გავლა. როცა შემოდიოდა ამა თუ იმ თურქულ გემზე დასაქმებული ქართველი მეზღვაური და ეს იყო ათობით, ისინი ვერ ჩამოდიოდნენ გემიდან, მათზე იყო სპეცნებართვა გასაკეთებელი და ვაკეთებდით. ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციამაც.

იყო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეგულაციები მიღებული არ იყო, იყვნენ უმძიმესი პაციენტები, მათ შორის ლეიკემიით დაავადებულები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადმოსულიყვნენ თურქეთში სამკურნალოდ. საჭირო იყო ნებართვების აღება. ასე რომ, იყო რიგი პრობლემებისა.

  • ახლა რა სიტუაციაა, მას შემდეგ, რაც რაღაც შეზღუდვები უკვე მოიხსნა?

შიდა გადაადგილება გაიოლებულია, თურქეთმა პრაქტიკურად გახსნა საზღვრები, ირანის გარდა. რეგულაციები არის, პირბადით უნდა იარო, თვითმფრინავში კოდები უნდა აიღო და ა.შ., მაგრამ მაინც, ნელ-ნელა იხსნება ქვეყანა.

  • დაახლოებით რამდენი საქართველოს მოქალაქეა ამჟამად თურქეთში ლეგალურად? და ასევე, თუ არსებობს მიახლოებითი მონაცემები არალეგალურად მყოფ მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით?

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქე მუშაობს ლეგალურად თურქეთში, არალეგალურად – ვერ გეტყვით. ამას ემატება სეზონურ სამუშაოზე თურქეთში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები.

გადაბეჭდვის წესი