მთავარი,სიახლეები

ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში

19.06.2020 • 4981
ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯუმბერ ბ.-ს, მას გაუპატიურებას ედავებოდა გამოძიება. შემთხვევა გასული წლის აპრილში, ქობულეთის პლაჟზე მოხდა.

დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ის პლაჟზე მაშინ გააუპატიურეს, როცა ადრე დილით თოლიების გადასაღებად გავიდა. საქმის მასალების მიხედვით, თავდამსხმელს ჯერ დაზარალებულად ცნობილი ქალის ქმარმა სცემა და შემდეგ მიმართეს პოლიციას. დაზარალებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა, რომ საცხოვრებლად ქობულეთში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა, როცა აქ დაოჯახდა. ის მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.

„..სანაპიროსთან შესასვლელ კიბეზე ორი უცნობი მამაკაცი იჯდა. მათგან ერთ-ერთმა მამაკაცმა (კერძოდ ბრალდებულმა ჯ.ბ.-მ) სხვანაირად, გამომწვევად შემხედა, რაც ძალიან არ მესიამოვნა. გვერდიდან მოვუარე მამაკაცებს და ისე გავაგრძელე გზა სანაპიროს მიმართულებით… უკან მოვიხედე, დავრწმუნდი, რომ არავინ მომყვებოდა და გავაგრძელე გზა მდინარე კინტრიშის და ზღვის შესართავთან, სადაც თოლიები იკრიბებიან და იქ შესაძლებელი იყო კარგი ფოტოების გადაღება.

იმ დღეს თოლიები ვერ ვნახე, უკან დავბრუნდი, შორიდან დავინახე ჯებირზე ჩემსკენ მომავალი იგივე მამაკაცი,“ – აღწერა ქალმა. მისი თქმით, კაცმა მას სცემა კიდეც და გაუპატიურებამდე მოკვლითაც დაემუქრა.

„მითხრა, რომ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და ახალი გამოსული იყო ციხიდან,“ – დასძინა ქალმა. გაუპატიურების დროს კი, ქალმა კაცის ვინაობაც გაიგო – კაცს პირადობის მოწმობა ძირს დაუვარდა.

„…მაშინვე თავი გვერდით მივატრიალე, რომ თავდამსხმელი არ მიმხვდარიყო, რომ მისი ვინაობა შევიტყვე… გამახსენდა ტელევიზორიდან გაგონილი ამერიკელი ოჯახის სმიტების ამბავი, როდესაც მთელი ოჯახი ამოხოცეს, ქალი გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. მეგონა, ეს დამნაშავეც ასე მოიქცეოდა და მთავრდებოდა ჩემი სიცოცხლე, მაგრამ მან საუბარი დამიწყო, მითხრა, რომ მომკლავდა, თუკი ვინმეს ამის შესახებ ვეტყოდი… მან ზუსტად მითხრა სახლიც, სადაც ვცხოვრობ. მივხვდი, ეს პირი საშიში იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვის, შვილისთვის, ქმრისთვის… დამნაშავის დამშვიდების მიზნით ვუთხარი, რომ არავის არაფერს მოვუყვებოდი,“ – თქვა ქალმა.

სხვაგვარად აღწერა მომხდარი ბრალდებულმა – ჯუმბერ ბ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ მართლაც შეხვდა ქალს პლაჟზე, „რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია და კოცნის შემდეგ უთქმელად დათანხმდა სექსს…“ მოსამართლე განაჩენში წერს, რომ ბრალდებულის ჩვენება არადამაჯერებელია. საქმეში იყო ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლის მიხედვითაც ქალას სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები ჰქონდა.

თავდამსხმელს მსხვერპლი სახლამდე მიუცილებია და ქალისთვის ტელეფონის ნომერიც გამოურთმევია.

„…სკაიპით ველაპარაკებოდი დედას ამერიკაში, როცა დარეკა ნომრიდან… შიშისგან კანკალი დავიწყე, მეუღლის რჩევით ვუპასუხე ტელეფონს. მითხრა, ისევ უნდა შემხვდეო… როცა მასთან შესახვედრად წავედი, ჩემი ქმარი ის გამომყვა უკან, რომ თავდამსხმელი ვერ მიმხვდარიყო, მან ისევ რამდენჯერმე დამირეკა და მიმითითა, შემეცვალა მარშრუტი… როგორც კი მივუახლოვდით, ის გაიქცა. მეუღლე გაქცეულს გაეკიდა… მერე ის დაბრუნდა, მითხრა, რომ დასაჯა დამანაშავე და ახლა დარეკავდა პოლიციაში,“ – მოუყვა ქალი მოსამართლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: