მთავარი,სიახლეები

სატვირთოს მძღოლებისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალი წესები მოქმედებს – Covid19

14.06.2020 • 2453
სატვირთოს მძღოლებისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალი წესები მოქმედებს – Covid19

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ [გარდა სატრანზიტო მძღოლებისა], ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის ახალი წესები მოქმედებს.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით:

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს განუმარტავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, ასევე გადაადგილებისა და სავალდებულო კარანტინისთვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს.

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ სატვირთო ტრანსპორტის მძღოლებს [როგორც  საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებს] უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება ანტიგენზე და ანტისხეულზე.

აღნიშნული პროცედურა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საზღვაო ნავსადგურსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ  სპეციალური სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით. შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგის მიერ, მიზნობრივი ტესტირების შედეგი აისახება ფორმაში (დანართი №1),  რომელსაც ექიმი გადაცემს მძღოლს, ხოლო  პირის ცხელების ცენტრში ვირუსის დადასტურების შემთხვევაში) გადაყვანის თაობაზე ინფორმაცია, დადგენილი წესით, ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

მიზნობრივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება მძღოლის გადაყვანა შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება.

ამასთან, თუ საბაჟო კონტროლის ზონაში  ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში, აღნიშნული მძღოლი ექვემდებარება სავალდებულო საკარანტინე სივრცეში განთავსებას. მძღოლს შეუძლია საკარანტინე სივრცის დატოვება მხოლოდ ახალი, განმეორებითი ტესტირების შემდეგ. აღნიშნული ტესტირება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მძღოლის, მისი დამსაქმებლის, შესაბამისი იმპორტიორის/ექსპორტიორის ან სხვა დაინტერესებული პირის სახსრებით.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი დაარღვევს  ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის  წესებს, ის დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: