სიახლეები

ტურისტებს ძიძებს დააკავშირებენ

07.06.2020 • 2017
ტურისტებს ძიძებს დააკავშირებენ

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბევრი ძიძა უმუშევარი დარჩა. ამავე დროს სერიოზული პრობლემები შეექმნათ ოჯახებს, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებიც დასაქმებულებიარიან და ბავშვს ვერავისთან ტოვებენ. ნათია სირაბიძე, რომელიც „შპს ემპიარის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ პირადი გამოცდილებითაც იცის, რა პრობლემების წინაშე დგანან ქალები და ამიტომ ახალი სერვისის შექმნა გადაწყვიტა. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ნათია სირაბიძესთან, რომელიც გეგმავს ეს სერვისი ბათუმში ჩამოსულ ტურისტებსაც მოარგოს.

  • ნათია, თქვენ ამბობთ, რომ ტურისტებისთვის ძიძის მოკლევადიანი მომსახურების სერვისს ქმნით. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მოდელი იმუშავებს საქართველოში?

ჩვენი საწყისი გათვლა სწორედ ზაფხულის სეზონზეა. ხშირად, როცა ოჯახები სტუმრად მოდიან ბათუმში და სურთ გვიანობამდე გარეთ ყოფნა, ან თუნდაც ზღვაზე ნებივრობა და ეს დიდი ხნით ბავშვისთვის მიუღებელია, ჩვენ შევთავაზებთ რამდენიმე საათით ბავშვების დატოვების სერვისს. ეს სერვისი საკმაოდ სარფიანად დაასაქმებს სტუდენტებს, რომლებმაც რამდენიმე ენა იციან. ეს მომსახურება შეუძლიათ ტურისტულმა სააგენტოებმაც თავიდანვე ჩადონ შეთავაზებაში და მეტი ტურისტი მოიზიდონ ზღვის სეზონზე.

უკვე გვაქვს შემოთავაზება უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან, რომლებსაც სურთ ბავშვებს მშობლიური ენა ასწავლონ/გაახსენონ. დაკვეთები გვექნება, მთავარია ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ერთმანეთს ძიძები და მშობლები ქვეყნის შიგნითაც დააკავშიროთ – ისინი ერთმანეთის პოვნას შუალედური რგოლის გარეშე ვერ მოახერხებენ?

ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ ერთიანი ბაზა და დავაკავშიროთ ძიძები ოჯახებს, ისე, რომ ორივე მხარე იყოს კმაყოფილი. გვინდა ოჯახებს შევთავაზოთ კვალიფიციური ძიძები, მასწავლებლები და დამხმარეები, რომლებიც უზრუნველყოფენ 6 წლამდე ბავშვის აღზრდა-მოვლას და 6-10 წლის ბავშვებისთვის დახმარებას გაკვეთილების მომზადებაში, სკოლიდან სახლში ტრანსპორტირებაში.

კვალიფიციური ძიძები ხელს შეუწყობენ ბავშვების ფიზიკური უნარების, კოგნიტური და ემოციური ინტელექტის განვითარებას. ძიძები ჩვენთან გაივლიან მოსამზადებელ კურსს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, ასევე, გაივლიან ფსიქოლოგთან კონსულტაციას და წარმოადგენენ ჯანმრთელობის ცნობას. გაწერილი იქნება პირობები და ძიძებსაც და ოჯახსაც თავიდანვე ეცოდინებათ, რომ თუნდაც კოვიდ სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და მოფრთხილება ორივე მხრიდან.

სააგენტოს შუამავლობით დასაქმებულიც და დამსაქმებელიც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება შეთანხმებულ ყველა პირობას.

ერთი მხრივ, მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ სათანადოდ უნდა დაფასდეს კვალიფიციური კადრი, რომელიც მისთვის ძვირფას ადამიანს ანდობს – დედის ზრუნვა უნდა ჩაანაცვლოს თუნდაც რამდენიმე საათით. მეორე მხრივ, ძიძაც უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მისი ფუნქცია მხოლოდ მოვლა არ არის, არამედ ბავშვის განვითარების ხელშეწყობაც, სიმპტომების გამოვლენა. მშობელმა შეიძლება დაპოსტოს სოციალურ ქსელში, რომ ეძებს ძიძას, მაგრამ ინფორმაციის გადამოწმებას, გასაუბრებას, ფსიქოლოგთან კონსულტაციას დრო და ფინანსები სჭირდება, რასაც ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ როგორც ოჯახის, ასევე, ძიძის უსაფრთხოებაც და კმაყოფილებაც.

  • თუმცა, ეს სერვისს მნიშვნელოვნად გააძვირებს…

რა საკვირველია, სერვისი არის ფასიანი, მაგრამ ჩვენ ბევრ რამეს ვიღებთ საკუთარ თავზე, მაგალითად, დამსაქმებელი ოჯახი გვეუბნება რა მოთხოვნები აქვს, ჩვენ ვეძებთ შესაბამის კანდიდატს და მხოლოდ დასაქმების შემთხვევაში ოჯახი იხდის ერთჯერად თანხას.

რაც შეეხება ძიძების გადამზადებას, საწყის ეტაპზე მოსამზადებელი კურსის პირველ ლექციას ვთავაზობთ უფასოდ, თუ მოეწონათ როგორც დედებს, ასევე ძიძად დასაქმების მსურველებს, მათ შეეძლებათ მინიმალურ ფასად გაიარონ 5-დღიანი კურსი, რომელსაც გამოცდილი ფსიქოლოგი გაუძღვება. კურსი მოიცავს ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითარების ეტაპებს; რთული ქცევის მართვას; ბავშვის განვითარებისთვის სასურველი გარემოს შექმნას და სათანადო კომუნიკაციას; ემოციების მართვას. ნებისმიერი დედისთვისაც საინტერესო თემებია.

გადაბეჭდვის წესი