მთავარი,სიახლეები

კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

05.06.2020
კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან, COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში.

თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

 

მთავარი ფოტო: არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: