განათლება,მთავარი,სიახლეები

როდის განახლდება უცხო ენებისა და TOEFL სწავლების უფასო პროგრამა ბათუმში

04.06.2020
როდის განახლდება უცხო ენებისა და TOEFL სწავლების უფასო პროგრამა ბათუმში

ბათუმში განათლების ფონდის პროგრამა – უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, რომელიც მსმენელებისთვის უფასოა, კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობს გამოცხადების შემდეგ  გაჩერებულია. პროგრამის ფარგლებში უცხო ენებს 600-მდე მოქალაქე სწავლობს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როდის განახლდება პროგრამა და ხომ არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ონლაინ, „აჭარის განათლების ფონდის“ ხელმძღვანელი რუსუდან ქავთარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო.

„ახლა ვამზადებთ დისტანციურ პლატფორმას, რომ ონლაინრეჟიმში გადავიყვანოთ სასწავლო პროცესი. უახლოეს დღეებში დავტესტავთ პროგრამას, სავარაუდოდ, ეს იქნება ZOOM-ის პლატფორმაში. მსმენელებისგანაც იყო გამოხმაურება და მათაც აინტერესებთ, თუ როდის განახლდება პროგრამა“, – ამბობს რუსუდან ქავთარაძე.

სასწავლო პროცესის შეჩერების გამო, პროგრამაში დასაქმებულ მასწავლებლებს ანაზღაურება არ მიუღიათ – როგორც რუსუდან ქავთარაძე ამბობს, ხელშეკრულების მიხედვით, პედაგოგებს მხოლოდ ჩატარებული საათები უნაზღაურდებათ.

„თუკი სწავლება განახლდება დისტანციურად, ამ შემთხვევაში  პროგრამაში დასაქმებული პედაგოგები მიიღებენ ანაზღაურებას ყველა ჩატარებულ საათზე“.

რუსუდან ქავთარაძის თქმით, ჯამში 49 ჯგუფია დაკომპლექტებული, მიმდინარე წელს კი ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფიც  დაემატა. პროგრამის ბენეფიციარები უცხოელები არიან, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ.

ქავთარაძის თქმით, განახლდება თუ არა პროგრამა დისტანციურად, დაახლოებით ერთ-ორ კვირაში იქნება ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: