მთავარი,სიახლეები

რატომ მოშალა ბოსტნები ინსპექციამ ბათუმში

03.06.2020 • 2248
რატომ მოშალა ბოსტნები ინსპექციამ ბათუმში

ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და მოქალაქეებს ბოსტნების მორღვევა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი თავად დაშალეს ათამდე მოქალაქის ბოსტნის ღობე. ინსპექციის ქმედებას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

აფხაზეთის ქუჩაზე ახალი დასახლებაა. აქ, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, რომლებმაც ბინები რამდენიმე წლის წინ მიიღეს სახელმწიფოსგან. აფხაზეთის ქუჩაზე მცხოვრები ლელა ნოდია ამბობს, რომ იქ, სადაც ახლა ბოსტნები აქვთ, რამდენიმე წლის წინ ეკალ-ბარდი იყო და ქვეწარმავლები ბუდობდნენ. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გაასუფთავა ტერიტორია და იქ ბოსტნეული დარგო.

“არავინ არ ითხოვს ამ ტერიტორიას საკუთრებაში. გაუვალი ადგილი იყო. გავწმინდეთ, კიტრი, პომიდორი და ლობიო დავთესეთ. ცოტა მწვანილიც გვაქვს. დღეს მოვიდნენ და დაიწყეს დანგრევა. გვითხრეს შარშან გაგაფრთხილეთო. მოსავალი გვაქვს უკვე. თუ ღობე არ ექნება, გაგვიფუჭდება,” – ამბობს ლელა ნოდია.

78 წლის ავერიონ ლიპარტელიანი თავის ბოსტანში. აქ ღობე დღეს ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოშალა

მუნიციპალური ინსპექცია შლის ერთ-ერთი მოქალაქის ბოსტნის ღობეს

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა ტერიტორია, რომელზეც ბოსტნები აქვთ გაშენებული, თვითნებურად მიისაკუთრეს.

“ეს ტერიტორია წლებია მიტაცებულია აქაური მოსახლეობის მიერ. თავის დროზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ახლა უკვე მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა ამ ხალხის გაფრთხილება, რომ გამოეთავისუფლებინათ ეს ტერიტორია შემდგომში სავარაუდო კეთილმოწყობის მიზნით. არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილებები და დღეს გადავწყვიტეთ იმ ღობეების დემონტაჟი, რომელიც აქაა განთავსებული. არ ვეხებით ნარგავებს. ვცდილობთ მაქსიმალურად არ დავუზიანოთ ნარგავები და ღობის კონსტრუქციების დემონტაჟი მოხდეს,” – ასე განმარტა მიზეზი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილემ თენგიზ მესხიძემ, თუ რატომ გადაწყვიტეს ღობეების დემონტაჟი.

საბოლოოდ, მოქალაქეებსა და მუნიციპალურ ინსპექციას შორის შეთანხმება შედგა. მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქალაქეებს ორი დღის ვადა მისცა. სწორედ ამ დროში უნდა დაშალონ ბოსტნის ღობეები.

გადაბეჭდვის წესი