დამსაქმებლები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, ვერ ახერხებენ იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციების გადაგზავნას, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ეკუთვნით.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მათ ამის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემათ. შესაბამისი ფორმა სატესტო რეჟიმშია და ის შემოსავლების გვერდზე მალე ჩაეშვება.

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ გუშინ, 4 მაისს, დაამტკიცა. სწორედ ეს პროგრამა მოიცავს მოქალაქეების დახმარების იმ პაკეტებს, რომლებიც მთავრობამ 24 აპრილს დააანონსა.

ამ პროგრამით, როგორც დაანონსებული იყო, თვეში 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას [6 თვის განმავლობაში] მიიღებს ის დასაქმებული, რომელიც მუშაობდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს.

ამ კატეგორიის დაქირავებულებმა კომპენსაცია რომ მიიღონ, ყოველი თვის 15 რიცხვამდე, მათ შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი წარადგენს გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

დამსაქმებელი ამ ინფორმაციას აღნიშნული გვერდიდან წარადგენს შესაბამისად დადგენილი ფორმით. ასეთი ფორმა ახალი პროგრამით დამტკიცდა, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის რომ გადამხდელის პირად გვერდზე ცალკე გრაფაში [ან ტექნიკურად სხვა ფორმით] გამოჩნდეს, მიმდინარეობს მუშაობა. შესაძლოა ის შემოსავლების სამსახურის მთავარ გვერდზეც გამოჩნდეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ დამსაქმებლებს საშუალება, გადააგზავნონ იმ პირების მონაცემები, რომლებსაც ეკუთვნით კომპენსაცია. ჩვენივე ინფორმაციით, ეს უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.

[toggle title=”როგორ მოხდება კომპენსაციების გაცემა ნახეთ აქ:“]

აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

დამქირავებელი, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე,  რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით, შემოსავლების სამსახურს  წარუდგენს ინფორმაციას დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ პირობებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge/;

სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამისი ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა;

დამქირავებელი უფლებამოსილია, განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით;

დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით, დანართში მითითებული პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა.

[/toggle]

ეს ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს დამსაქმებელმა, შემოსავლების გვერდზე მაქსიმუმ 2-3 დღეში ჩაეშვება

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში მიიღებს 300 ლარს ის, ვინც ბინას დღიურად აქირავებდა

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version