მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რუსეთში 900-მდე სამხედრო და სამხედრო სასწავლებლების 800-მდე სტუდენტია ინფიცირებული

27.04.2020
რუსეთში 900-მდე სამხედრო და სამხედრო სასწავლებლების 800-მდე სტუდენტია ინფიცირებული

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 874 სამხედრო და სამხედრო სასწავლებლების 779 სტუდენტი. საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

„მიმდინარე წლის მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით, მიმდინარე ინტენსიური შემოწმებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსზე დადებითი შედეგით დადგენილია 874 სამხედრო მოსამსახურე,” – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კვირას გამოცემულ ბიულეტენში.

ბიულეტენში დაზუსტებულია, რომ ინფიცირებულთაგან თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტლებში გადის მკურნალობას 314 ადამიანი, სამსახურებრივ ადგილზე, იზოლატორშია 175 ადამიანი, ხოლო ექვსი ადამიანი – სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო დაწესებულებებში. კიდევ 379 ადამიანი იზოლირებულია სახლში.

„4 სამხედრო მოსამსახურე მძიმე მდგომარეობაშია, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა. საშუალო სიმძიმის სიმპტომები აქვს 15 ადამიანს, დანარჩენებს კი სიმპტომები არ აღენიშნებათ,” – წერს ТАСС-ი.

რუსეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეებისა და სტუდენტების რაოდენობა 779-ია.

ასევე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წინასაუნივერსიტეტო საგანმანათლებლო დაწესებულების დაახლოებით 200 პედაგოგი და მოსწავლე ინფიცირებულია COVID-19-ით.

რამდენიმე დღის წინ ინტერფაქსი წერდა, რომ მას შემდეგ, რაც პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის 55 სტუდენტს COVID-19 დაუდგინდა, თანამდებობიდან გადადგა აკადემიის დირექტორი. პროფილაქტიკური ზომების ორგანიზებისას დაშვებულ იქნა შეცდომები, რამაც გამოიწვია კადეტების ნაწილის დაინფიცირება, ამ ფაქტის გათვალისწინებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისიის შემოწმების შედეგების თანახმად, აკადემიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ი. ფისუნი გათავისუფლდა თანამდებობიდან –  წერს ინტერფაქსი.

27 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 87 147 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 198 შეადგინა და ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის 83 912 შემთხვევა ფიქსირდება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: