განათლება,მთავარი,სიახლეები

სექტემბერში 1 462 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

19.10.2022 • 1378
სექტემბერში 1 462 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემებით, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებიდან, 30 სექტემბრამდე პერიოდში სტატუსი 1 462 სტუდენტს შეუჩერდა.

აღნიშნულ უწყებას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რა არის სტატუსის შეჩერების მიზეზები, თუმცა აღნიშნული უწყებიდან ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

შესაბამისად, ოფიციალურ მონაცემებში არ ჩანს, სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან რამდენია ისეთი, ვინც სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო და ამის გამო შეიჩერა სტატუსი.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების გარდა, რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა. ოფიციალური მონაცემებით, მათი უმრავლესობა ქვეყანაში დარჩა. ამან უძრავ ქონების დაქირავებაზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

ის, რომ რეგიონში მცხოვრები სტუდენტები გაძვირებული ქირის გამო თბილისსა თუ ბათუმში ბინებს ვეღარ ქირაობდნენ, ამის შესახებ სტუდენტები ღიად აცხადებდნენ და საპროტესტო აქციებიც კი გამართეს.

სტუდენტები მთავრობას საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც სთხოვენ.

რადგან გაძვირებული ფასების გამო თბილისში ჩასვლას ვეღარ ახერხებდნენ, სტუდენტებმა უნივერსიტეტებისგან სწავლების ონლაინ ფორმატის შენარჩუნებაც მოითხოვეს, ამ ფორმით მაინც რომ შეძლებოდათ სწავლის გაგრძელება…

როგორც EMIS-ში გვეუბნებიან, კანონმდებლობის მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს სტუდენტის პირადი განცხადება მიზეზის მითითების გარეშე.

ფინანსური დავალიანების გარდა, სტუდენტს სტატუსის შეჩერება შეუძლია იმ შემთხვრვაშიც, თუ ის უცხო ქვეყანაში, რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა.

სტატუსის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი, ასევე შეიძლება იყოს ორსულობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

__________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი. სტუდენტების საპროტესტო აქცია თბილისში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: