ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო სივრცეების მოწყობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 13 სასტუმროსთან [სულ 1 300-მდე ოთახი] ხელშეკრულებები ჯამში 10 517 823 ლარზე აქვს გაფორმებული.

სასტუმროები, რომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც „ბათუმელებს“ ამ დროისთვის აქვს, მდებარეობს თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, საირმეში, გუდაურში. ამ სასტუმროებთან ადმინისტრაციამ ხელშეკრულებები მარტის თვეში პირდაპირი წესით გააფორმა, თუმცა სასტუმროების რაოდენობა, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი, ქვეყანაში გაცილებით მეტია.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა სასტუმროსთან გრძელდება. თუმცა, ჯამში რამდენ ობიექტთანაა გაფორმებული ხელშეკრულება საკარანტინო ზონის მოწყობაზე, ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ვერ დაგვიკონკრეტეს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი ადამიანების დიდი რაოდენობის გამო, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა სასტუმროებთან მოლაპარაკება და მათთან შესაბამისი მომსახურების დაკონტაქტება, რათა არ მომხდარიყო აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი ჩამოფრენილი ადამიანების დაყოვნება“ – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სასტუმროებთან ხელშეკრულებები დაიდო 2 თვის მომსახურებაზე, რაც, ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, „იმ ეტაპისთვის გონივრულ ვადად იყო მიჩნეული პრობლემის აღმოსაფხვრელად“.

ამასთან, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოთხოვნილი საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად მათ მიერ შესყიდული მომსახურება „არათუ აჭარბებს საჭირო რაოდენობას, არამედ მთავრობის მითითებით, შესაძლოა, მომავალში კიდევ გაიზარდოს.“

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გადმოკვეთს საზღვარს, აუცილებლად გაივლის 2-კვირიან კარანტინს; ეს არის ორგანიზებული კარანტინი და საკარანტინო სივრცეების საჭიროება გაორმაგდება.

მისივე თქმით, მთავრობამ შესაძლოა საგანგებო ზომებს მიმართოს.

„იგულისხმება სივრცეების დათმობა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. მრავალკვირიან მოლაპარაკებებზე დროს ვერ დავკარგავთ,“ – განმარტა მინისტრმა.

ტურიზმის ადმინისტრაციასა და სასტუმროებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ „ხელშეკრულების საერთო ღირებულება წარმოადგენს რა საორიენტაციო მაჩვენებელს, რომლიდანაც ანაზღაურდება მხოლოდ კონკრეტულად გაწეულ მომსახურებათა ღირებულება, შესაბამისად, შემსყიდველი, წინამდებარე ხელშეკრულებით ვალდებული არ არის განახორციელოს ხელშეკრულების ღირებულების სრულად ათვისება“.

მაგალითად, ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელსაც აქვს 152 ოთახი, ხელშეკრულება გაფორმებულია 1 167 245 ლარზე; თბილისში, 210 ოთახის მქონე სასტუმროსთან – 2 087 362 ლარზე, ხოლო 30-ოთახიან სასტუმროსთან – 226 152 ლარზე. ხელშეკრულებები 2 თვით მომსახურებას ითვალისწინებს.

[toggle title=”რა ვალდებულება აქვს სასტუმროს შეგიძლიათ ნახოთ აქ:“] ხელშეკრულებების მიხედვით მიმწოდებელი [ანუ სასტუმრო] ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა დანართი N1-ის შესაბამისად [ოთახების რაოდენობა, ერთი პირის მომსახურების ღირებულება და სხვა].

ბ) მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური გათბობის სისტემა და არა საერთო კონდინცირების სისტემა. მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სასტუმროში არსებული ნომრები კარანტინის ფარგლებში.

გ) უზრუნველყოს სტუმრები სამჯერადი კვების მომსახურებით (საუზმე, სადილი, ვახშამი), საკვები მიწოდებული უნდა იყოს ერთჯერადი კონტეინერებით, საკვების მიწოდება უნდა მოხდეს სასტუმროს ნომრის კართან ერთჯერად პარკებთან ერთად. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია ნაგვის (საჭმლის ნარჩენები და ა.შ.) გატანა (საჭიროების შემთხვევაში უტილიზაცია) რეგულარულად განახორციელოს ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციების ფარგლებში. ამასთან ერთად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული დაცვის პოლიციის და სამედიცინო დახმარების ჯგუფის სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა.

დ) უზრუნველყოს თეთრეულის მიწოდება სასტუმროში განთავსებისას ყოველ ახალ შემოსულ პირზე. სასტუმროში განთავსებულ პირებს მიაწოდოს ჰიგიენური თავის მოვლის საშუალებები: ტუალეტის ქაღალდი, საპონი, შამპუნი, დასაბანი გელი, სარეცხი საშუალება ფეირი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ერთჯერადი ჩუსტი, ასევე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზემოთხსენებული ნივთების საჭიროებისამებრ განახლება მარაგის ამოწურვის შემთხვევაში.

ე) სასტუმროში განთავსებისას ყოველ ახალ შემოსულ პირს დაახვედროს: თერმომეტრი (თერმომეტრების დეზინფექცია (საჭიროების შემთხვევაში უტილიზაცია) უნდა მოხდეს ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით ყოველი სტუმრის გასვლის შემდგომ), ელექტრო ჩაიდანი, ჭიქები და კოვზები (სასურველია იყოს ერთჯერადი) ჩაი, ყავა, შაქარი, ასევე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პირები წყლით, დღეში ორი ბოთლი წყალი 1 პერსონაზე.

ვ) ოთახები აღჭურვილი უნდა იყოს მაგიდის და იატაკის საწმენდებით (ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენებისთვის), ცოცხით და აქანდაზით.

ზ) უზრუნველყოს ყოველ ორ დღეში ერთხელ სასტუმროს ოთახებისა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება (ნაგვის გატანა).

თ) უზრუნველყოს სტუმრების გასვლის შემდეგ სასტუმროს ოთახების დეზინფექცია, ხოლო ყოველ ორ კვირაში ერთხელ სასტუმროს კორიდორის სრული დეზინფექცია ლიცენზირებული სადეზინფექციო სამსახურის მიერ, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. სადეზინფექციო მომსახურების საფასური განისაზღვრება არაუმეტეს 0.18 ლარით [ეს საფასური სხვადასხვა სასტუმროსთვის სხვადასხვაა – ავტ.]. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს ქვე-კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება დეზინფექციის თაობაზე.

ი) ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეწყვიტოს იდენტური მომსახურების გაწევა სხვა პირებისთვის, არ დაუშვას მესამე პირების შესვლა სასტუმროს შენობაში, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები პირებისა და მომსახურების გამწევი სასტუმროს პერსონალისა.

კ) არ დაუშვას, ხელშეკრულების დადებამდე და მისი დადების შემდგომ ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის გარეშე, სოციალური ან სხვა მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება ხელშეკრულების პირობების შესახებ, შემსყიდველთან შეთანხმებას ექვემდებარება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება სტუმრების იზოლაციას, საკარანტინო პირობებს, მათ კვებას და მათ განთავსებას.

ლ) განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე, აგრეთვე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება;
მ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს [სასტუმროს ეს ვალდებულებები აღებულია ერთ-ერთი ხელშეკრულებიდან, თუმცა ყველა ხელშეკრულებაში ვალდებულებები თითქმის იდენტურია – ავტ.][/toggle]

საქართველოში 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით კი საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

ამ თემაზე: ყველაფერი საგანგებო მდგომარეობაზე პრეზიდენტის დეკრეტზე

23 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 235 ადამიანი.

_______________

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მოქმედი მსხვილი სასტუმროების უმრავლესობა დროებით დაიხურა. ბათუმში ახლა მხოლოდ თითო-ოროლა სასტუმრო მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. სასტუმროების ნაწილში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო.

ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version