ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილი მუშაობას აჩერებს, ნაწილი კი საკურიერო/გატანის სერვისზე გადადის.
მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში მოქმედ კაფე-ბარებსა და რესტორნებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია 16 მარტს მისცა.
ბათუმში მუშაობა შეაჩერა “დელირიამ”,”გარდენსმა”, “ვინილმა”, “მიუნჰენმა”. საკურიერო მომსახურებაზე გადავიდა “პრივეტ იზ ბატუმა” და BK-ი.
„შექმნილი ვითარების და დღევანდელი მთავრობის განცხადების საფუძველზე, ხვალიდან, კერძოდ, 17 მარტიდან, კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გადადის მხოლოდ საკურიერო/გატანის მომსახურებაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ 2 კვირაში ჩვენ შევძლებთ ყველა საშიშროების და პრობლემის გადალახვას, რაც ჩვენს ქვეყანაშია,“ – ეს ინფორმაცია „პრივეტ იზ ბატუმას“ მენეჯმენტმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
მუშაობა შეაჩერა კაფე „გარდენსმა“.
„მეგობრებო, ვიზიარებთ რა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას COVID-19 ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, დროებით ვწყვეტთ მუშაობას. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და გაითვალისწინოთ რეკომენდაციები,“ – წერია კაფეს ოფიციალურ ფეიჯზე.
საკურიერო მომსახურებაზე გადავიდა კაფე BK-ი. კაფემ დროებით სტუმრების მიღება შეაჩერა.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავედით დისტანციურ/საკურიერო მომსახურებაზე. მივყვებით მთავრობის რეკომენდაციებს და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კაფე BK-ის დამფუძნებელმა პაატა ბეჟანიძემ.
მუშაობა შეაჩერა კაფე „ვინილმა“.
„მეგობრებო, იმისთვის რომ არ შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელებას – ვითვალისწინებთ რეკომენდაციას და დრობით ვიკეტებით. გისურვებთ ჯანმრთელობას… მალე შევხვდებით!“ – წერს კაფეს ოფიციალური გვერდი.
მუშაობა შეაჩერა რესტორანმა „მიუნჰენმაც“.
პირველ აპრილამდე შეაჩერა მუშაობა რესტორანმა „სანრემომ“.