მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

თოვლის გამო აჭარის რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

10.02.2020
თოვლის გამო აჭარის რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

აჭარაში რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა, თუმცა თოვლის საფარის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის ზოგიერთ სოფელში შეფერხებულია გადაადგილება, რის გამოც მოსწავლეები ვერ გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღში. მეორე დღეა ინტენსიურად წმენდენ გზებს, შეფერხდა სასწავლო პროცესი.

ქედაში ამ დროისთვის მზიანი ამინდია, თუმცა ტემპერატურა -8 გრადუსია. თოვლის საფარი დაბაში 50 სმ-ია, მაღლობში კი – 1 მეტრი.

ქედაში გზის გასაწმენდად დღეს დილიდან 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს 11 მიმართულებით. ქედის კომუნალსერვისის 2 ერთეული ტექნიკა კი დაბის ქუჩებს წმენდს.

ქედაში, მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო, სასწავლო პროცესი არ შედგა 15 საბავშვო ბაღიდან 13-ში. სასწავლო პროცესი იმავე მიზეზით არ შედგა ასევე N2 საჯარო სკოლაში, დანდალოს N1 და წონიარისის სკოლებში.

შუახევში ღამით 14 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა. გზები მოყინულია. მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრომდე თოვლია. შუა ზონაში  – 50-60 სმ, ხოლო დაბაში  – 20 სანტიმეტრამდე.

თოვლის საფარისგან გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები და ნაწილობრივ – სოფლების გზები. დილიდან განახლდა გაწმენდის სამუშაოები. მუშაობს აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის 20-მდე ტექნიკა.

გზები იწმინდება: ხიჭაური – ნაღვარევის, ინწკირვეთის, ბრილის, ჭვანა – გომარდული – წყაროთის, ვანის, ფურტიოს, პაპოშვილები – გორის, წაბლანის, კვიახიძეების, შუბანი – დარჩიძეების, შუბანი – ვაკის, დღვანის, ქიძინიძეების, ნენიის, ჩანჩხალოს, ჯაბნიძეების მიმართულებით.

სასწავლო პროცესი მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო არ შედგა შუახევის სამ საჯარო სკოლაში (ნაღვარევში, ცხემლისსა და ჟანივრში) და  ხუთ ბაგა-ბაღში (ხიჭაურში, უჩამბაში, ბუთურაულში, ჭალასა და წყაროთაში). შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის ჩასატარებლად სკოლებსა და ბაგა-ბაღებში შესაბამისი პირობები არის, მოსწავლეების გამოუცხადებლობის მიზეზი – მოყინული გზებია.

ხულოს სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა, თუმცა ბავშვები არ გამოცხადებულან დანისპარაულის, ვერნებისა და უჩხოს საბავშვო ბაღებში.

ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებსა და კურორტ გოდერძისთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია. საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

ძლიერი ყინვის გამო ცენტრალურ გზებზე მიმდინარეობს მოყინვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები. დღეს დილიდან დაიწყო სოფლის ცენტრებისა და შიდა საუბნო გზების გაწმენდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: