მთავარი,სიახლეები

გრიპის ვირუსის გამო სკოლებში არდადეგები არ გახანგრძლივდება – დაავადებათა კონტროლი

13.01.2020 • 2786
გრიპის ვირუსის გამო სკოლებში არდადეგები არ გახანგრძლივდება – დაავადებათა კონტროლი

დღეს, 13 იანვარს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გრიპის ვირუსის ცირკულაციიდან გამომდინარე სასკოლო არდადეგების გახანგრძლივება არ არის საჭირო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების განმარტებით, მკვეთრად დაბალია ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც საბჭო წყვეტს შეჩერდეს თუ არა სასწავლო პროცესი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, „იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებაში გვაქვს უმნიშვნელო ზრდა. პირველ კვირაში მიმართვიანობა 191-ზე ჩამოვიდა 312-დან, 100 ათას მოსახლეზე. ხოლო მეორე კვირაში გვაქვს 219, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. 3 %-ით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით – გაიზარდა 22%-დან დაახლოებით 25.3 %-მდე. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. შარშან ანალოგიურ პერიოდში – იანვრის პირველ კვირეებში გვქონდა უფრო სერიოზული მდგომარეობა ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმართ ასეთია: „სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ არდადეგების მერე, უნდა მისდიონ სტანდარტულ უსაფრთხოების ღონისძიებებს რესპირაციული ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ეს დაკავშირებულია არამარტო გრიპთან, არამედ იმ სხვა რესპირაციულ ვირუსებთან, რომელთა ცირკულაცია გამოვლენილია ქვეყანაში. გასული კვირის მაგალითზე ეს არის რინო და რესპირაციული სინციტიალური ვირუსი, რომელიც ბავშვთა ასაკისათვის უფრო დამახასიათებელია და უფრო ხშირად აზარალებს მათ. ამიტომ ავადმყოფი ბავშვები არ უნდა იმყოფებოდნენ არც სკოლამდელ ბავშვთა დაწესებულებაში, არც სკოლაში“.

ზამთრის არდადეგების შემდეგ სკოლებში სწავლა 15 იანვრიდან უნდა განახლდეს.

გადაბეჭდვის წესი